ეკა ბესელია - არ გამოვრიცხავ, იმ ადამიანებისგან შედგეს ახალი პოლიტიკური ერთობა, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა იყოს უკეთესი მომავალი
დღეს იკრიბება საზოგადოება, ვინც შეწუხებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით, ვისაც აწუხებს სამართლიანობა როგორც იდეა, რომელიც ვერ აღსრულდა, ამიტომ დღეს საზოგადოებაა მასპინძელი და არა ჩვენ, პოლიტიკოსები, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, „დაიცავი საქართველოს“ შეკრების დაწყებამდე განაცხადა.
როგოც ეკა ბესელიამ აღნიშნა, დღევანდელი შეკრების იდეა არის თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა, ღირსება.
„შესაძლოა, ეს მოძრაობა პარტიად არ გადაკეთდეს, მაგრამ ახალი პოლიტიკური ძალა იშვას იმ ადამიანების მონაწილეობით, ვისთვისაც ეს ღირებულებები დღესაც ისევე აქტუალური, მნიშვნელოვანია. ეს არის შემდეგი პროცესი, ამას არ გამოვრიცხავდი, მაგრამ არა ის, რომ „დაიცავი საქართველო“ გახდეს პარტია, არამედ იმ ადამიანების მონაწილეობით შედგეს ახალი პოლიტიკური ერთობა, ვისაც მიაჩნია, რომ უნდა იყოს ქვეყანაში უკეთესი მომავალი.დღეს აქ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომლებიც მოსამართლეების შერჩევას შეეხება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
კითხვაზე, ვის დაუჭერს მხარს მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში, ბესელია პასუხობს, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
„მთაწმინდის არჩევნებთან დაკავშირებით მოგვიანებით გეტყვით პოზიციას. ბევრ რამეზე ვფიქრობ და საბოლოოდ ჩამოვყალიბდები. ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ერთობა არ მექნება, იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ამ ადამიანის მიმართ ნდობა არ მაქვს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.