ეკა ბესელია - 2020 წლისთვის პროგრამა მაქსიმუმია, ალტერნატიული ძალა გავხდეთ, ხოლო პროგრამა მინიმუმი ხელის განძრევის გარეშეც დადგება, რაც კოალიციური მთავრობის ფორმირებაა
2020 წლისთვის ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი ის არის, რომ ალტერნატიული ძალა გავხდეთ, ხოლო პროგრამა მინიმუმი ხელის განძრევის გარეშეც დადგება, ეს კი კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობა და მისი ფორმირებაა, – განაცხადა პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„მე რაც დამიწყია, მარცხით არაფერი დამისრულებია; რთულ გზას გავდივარ, მაგრამ ეს ბრძოლა ყოველთვის გამარჯვებით სრულდება. პარლამენტში მოხვედრა არ არის ჩემი მიზანი. თუ მინდა, იქ ყოველთვის მოვხვდები. ჩემი მიზანია, გარემო სამართლიანი იყოს და ამ ქვეყანაში კლანური მმართველობა დასრულდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, როდესაც წინასაარჩევნოდ სხვადასხვა ფორმატი იქნება, საზოგადოება ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობს.
„ისინი პოლიტიკაში ახლები არიან, მაგრამ თავიანთ პროფესიაში ძალიან წარმატებულები. ჩვენ პარტიაში თქვენ ნახავთ იურისტებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. მათ შორის არის ჯუმბერ თავართქილაძე, რომელიც ძალიან დიდი ხნის მებრძოლია. გაერთიანებული ოპოზიციის დროს, ის სულ კობა დავითაშვილის გვერდით იყო და ჩვენთან ერთად იყო გაერთიანებულ ოპოზიციაში“, – განაცხადა ბესელიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უქმნის თუ არა მას უხერხულობას ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებს შორის ერთ-ერთი მისი სიძე, იასე ზაუტაშვილია, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ეს არანაირ უხერხულობას არ უქმნის, რადგან ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია, რომელიც ძალიან ახალგაზრდა ასაკში ძალიან მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა.
„შემდეგ, სააკაშვილის პერიოდში ის დაიჭირეს. ისევე, როგორც ბევრი სხვა, წინა ხელისუფლებაში მყოფი, მათთვის „საინტერესო“ ადამიანი და ისიც გახდა ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი. ის ეკონომიკური და იურიდიული განათლებით, საერთაშორისო კომუნიკაციების გამოცდილებით ერთ-ერთი ნიჭიერი ადამიანია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობას იმ შემთხვევაში, თუ ისინი „ნაციონალური მოძრაობისგან“ უფრო მეტად დისტანცირდებიან, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის პრინციპებს არ იცვლის და გამორიცხავს პოლიტიკურ ერთობაში, რამე გაერთიანებაში თუ კოალიციაში იმ ადამიანებთან ერთად ყოფნას, რომელთა მმართველობის პერიოდში მათ შესაცვლელად ძალიან ბევრი იბრძოლა.
შეკითხვაზე, ვის ხედავს ანა დოლიძის ფიგურაში, კონკურენტს თუ თანამშრომელს, რადგან როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, შესაძლოა, მან პოლიტიკური პარტია შექმნას, სასამართლო სისტემა კი მისთვისაც პრიორიტეტი იქნება, ბესელიამ აღნიშნა, რომ მასში კონკურენტს არ ხედავს.
„მინდა, ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანი გაჩნდეს, რომ ამ პრობლემას მოვერიოთ. ჩვენ არ ვიქნებით კონკურენტები. ჩვენ სამართლიანობისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რათა ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალი რეპუტაციისა და სანდოობის მატარებელი მოსამართლეები იყვნენ, რათა ქვეყნის მომავალმა თაობამ, თქვენმა და ჩვენმა შვილებმა სამართლიან გარემოში იცხოვრონ. მინდა, ბევრი ასეთი თანამოაზრე დავინახო პოლიტიკურ ორბიტაზე და მომავალ პარლამენტში. მომავალი მთავრობა კოალიციური იქნება და კოალიციურ მთავრობაში მინდა, თანამოაზრეები დავინახო და არა ის ძალები, ვისთან ერთადაც თანამშრომლობა გამიჭირდებოდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.