ეგვიპტური მუმია, რომელიც მეცნიერებს ფრინველის ეგონათ, გაცილებით ამაღელვებელ ამბავს მალავს
მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ეგვიპტეში აღმოჩენილი ერთი უცნაური, 2100 წლის წინანდელი ციცქნა მუმია გარკვეული სახეობის ფრინველს ეკუთვნოდა.
თუმცა, კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლევის შემდეგ, მეცნიერები სულ სხვა დასკვნამდე მივიდნენ — მუმიფიცირებულია ადამიანის ძლიერ დაზიანებული ჩანასახი, დაახლოებით 28 კვირის.
მუმია ინგლისში, მედსტოუნის მუზეუმში ინახება და მიეკუთვნება პტოლემეების პერიოდს.
სამგლოვიარო შეფუთულობა ზუსტად ფრინველის ზომის იყო, ზედ გამოსახული იყო ქორის თავი და ღმერთ ჰოროსის აღმნიშვნელი იეროგლიფი. ეგვიპტურ მითოლოგიაში შევარდნის თავის მქონე ჰოროსი მზის ღმერთს წარმოადგენდა.
ცხოველების მუმიფიცირება ძველ ეგვიპტეში საკმაოდ გავრცელებული იყო და არაფერი იქნებოდა გასაკვირი, ეს მუმია ფრინველის რომ ყოფილიყო.
აღსანიშნავია, რომ მისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებას არც კი აპირებდნენ. 2016 წლიდან, მუზეუმმა სკანირება ადამიანთა რამდენიმე მუმიას ჩაუტარა და გადაწყვიტა, ტომოგრაფია მისი კოლექციის ზოგიერთი ცხოველის მუმიისთვისაც ჩაეტარებინა.
მკვლევართა გასაკვირად, გაირკვა, რომ ციცქნა მუმია სულაც არ ეკუთვნოდა შევარდენს. სკანირება დეტალური არ იყო და მუზეუმის ექსპერტებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ის შეიძლება მაიმუნი ყოფილიყო.
ამის შემდეგ, ანთროპოლოგმა ენდრიუ ნელსონმა მრავალდისციპლინურ ჯგუფს უხმო და ანალიზების ჩატარება უკიდურესად მაღალი რეზოლუციის მიკრო-კომპიუტერული ტომოგრაფიით გადაწყვიტა.
ჯგუფმა დაადგინა, რომ ძვლები ადამიანის მამრობითი სქესის ჩანასახს ეკუთვნოდა, ორსულობის 22-28 კვირის პერიოდში. აღენიშნებოდა ხერხემლის მძიმე პათოლოგია და დაბადების უიშვიათესი დეფექტი, რომელიც ხელს უშლიდა ტვინსა და თავის ქალის ნორმალურ განვითარებას.
„გამოვიყენეთ უმაღლესი რეზოლუციის სკანირება, რაც კი ოდესმე ჩანასახის მუმიას ჩატარებია. დავადგინეთ, რომ ეს ინდივიდი ძლიერ ანენცეფალური ყოფილა. იგი ჯერ კიდევ დაუბადებელი უნდა ყოფილიყო“, — ამბობს ნელსონი.
მისი თქმით, თავის ქალა ბოლომე ჩამოყალიბებული არ არის, ყურის ნიჟარები კი თავის უკანა ნაწილშია მოქცეული.
სკანირების შედეგად გამოვლინდა ნორმალურად ჩამოყალიბებული თითებისა და ფეხის ტერფების ძვლები. თუმცა, თავის ქალა იმდენად ძლიერ დეფორმირებულია, რომ პრაქტიკულად, მას თავის ტვინი არ უნდა ჰქონოდა. გარდა ამისა, ნაპრალი ჰქონდა სასაზე და ტუჩზე.
მუმია უიშვიათესია, რადგან წარმოადგენს მუმიფიცირებული ჩანასახის მერვე შემთხვევას და მეორეა, რომელსაც ანენცეფალია აღენიშნება.
როგორც მუმიფიცირების მეთოდი მიუთითებს, ოჯახისთვის ეს ჩანასახი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო.
„ოჯახისთვის ზედმეტად ტრაგიკული უნდა ყოფილიყო ნაყოფის მოწყვეტა და მისი ასეთი ფორმები“, —აღნიშნავს ნელსონი.
მისი აზრით, ოჯახის პასუხი ამ უცნაური ინდივიდის მუმიფიცირებაში გამოიხატა. ძველ ეგვიპტეში, ჩანასახებს თიხის ქილებში ათავსებდნენ და სახლის იატაკქვეშ მარხავდნენ, სხვადასხვა მეთოდით. მუმიფიცირების შემთხვევა ამ დრომდე სულ რამდენიმეა აღმოჩენილი.
მკვლევართა აზრით, ნაყოფის ასეთი მდგომარეობის მიზეზი დედის კვების რაციონი უნდა გამხდარიყო, რადგან მასში ნაკლები უნდა ყოფილიყო ფოლიუმის მჟავის შემცველი საკვები — ვიტამინი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული სისტემის განვითარებაში.
თუმცა, ასევე ჩნდება ახალი კითხვები. მაგალითად, რატომ იყო მუმია დეკორირებული ფრინველის გამოსახულებით? პასუხი შესაძლოა, იმავე სამარხში აღმოჩენილ სხვა ნივთებში იმალებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მკვლევართათვის უცნობია.
მომზადებულია westernu.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით