ძველეგვიპტურ მუმიებზე ტატუების აღმოჩენით, დღის სინათლე იხილა ტატუს ხელოვნების ისტორიის ახალმა პერიოდმა.
კაცის და ქალის მუმია ძვ. წ. 3351-3017 წლებით თარიღდება და წარმოადგენენ ტატუირების ერთ-ერთ უძველეს შემთხვევას. გარდა ამისა, ეს გახლავთ უძველესი ტატუ ქალის სხეულზე.
უფრო ძველი ტატუები აღმოჩენილია მხოლოდ ეცის ყინულის კაცის სხეულზე. ალპების მყინვარებში აღმოჩენილი ეს მუმია ეკუთვნის მამაკაცს, რომელიც ევროპაში ძვ. წ. 3400-3100 წლების პერიოდში ცხოვრობდა. თუმცა, ეცის ტატუები სრულიად სხვანაირია.
ეცის სხეულს ფარავდა ხაზებისა და ჯვრების გამოსახულების 61 ტატუ. დახატული იყო სხეულის განაკაწრებში ჭვარტლის შეყვანის გზით. გამოსახულებები ძირითადად ამშვენებდა კისრის ქვედა ნაწილსა და სახსრებს — ადგილებს, სადაც კვალი უნდა ჰქონოდა დატოვებული სხვადასხვა დაავადებებს.
ამან მკვლევრებს აფიქრებინა, რომ მისი ტატუები შესაძლოა, დიაგნოსტიკური ან თერაპიული ხასიათის ყოფილიყო, ნემსით თერაპიის გარკვეული ფორმის.
ბრიტანეთის მუზეუმის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ეცის ყინულის კაცისგან განსხვავებით, გებელეინის მუმიების სახელით ცნობილ ორ ეგვიპტურ მუმიას აქვს დეკორატიული, გარკვეულწილად სიმბოლური ტატუები.
კაცს (გებელეინის კაცი A) ორი ტატუ აქვს — მკლავის ზედა ნაწილზე გამოსახული გარეული ხარი და ბერბერული ცხვარი, ქალს კი ასევე მკლავის ზედა ნაწილსა და მხარბეჭზე ამშვენებს სწორხაზოვანი და S-ის ფორმის გამოსახულებები.
ეს მუმიები სინამდვილეში 1890-იან წლებში აღმოაჩინეს და 1900-იანი წლებიდან ბრიტანეთის მუზეუმს ეკუთვნის.
ისინი წინ უსწრებენ ეგვიპტის ფარაონთა დინასტიებს, მუმიფიკაცია კი მთლიანად ბუნების დამსახურებაა — ცხედრები დამარხული იყო საფლავებში, მიწის ზედაპირთან ახლოს, სხვა დანარჩენი კი უკვე სიცხემ, მარილიანობამ და ეგვიპტის უდაბნოს გვალვებმა გააკეთა.
მაგრამ მუმიებზე ტატუების შემჩნევა ყოველთვის ადვილი საქმე როდია. მუმიფიცირებული კანი უხეშდება და ფერს იცვლის, რაც მის შემჩნევას ხშირად აადვილებს.
გებლეინის კაცის მუმიის შემთხვევაში, მის მკლავზე არსებული ტატუ ბუნებრივი სინათლის ქვეშ მუქ ლაქად ჩანს და წლების განმავლობაში, ვერავინ მიხვდა, რომ ის შეიძლება ტატუ ყოფილიყო.
ტატუების შემჩნევა ცოტა ხნის წინ, ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის წყალობით მოხერხდა.
ორივე მუმიას ტატუ გაკთებული აქვს დერმაში (კანის ზედა ფენა). გამოყენებულია ნახშირბადისგან დამზადებული გარკვეული სახის მელანი. გამოსახულია დინასტიამდელი ეგვიპტისთვის დამახასიათებელი სურათები.
კაცის სხეულზე გამოსახული ხარი და ბერბერული ცხვარი კლდის მხატვრობის კარგად ცნობილი მოტივებია, ქალის სხეულზე გამოსახული მრუდე ხაზი კი უძველეს კერამიკაზე გვხვდება.
შეუძლებელია იმის თქმა, რა დატვირთვა შეიძლება ჰქონოდა ამ ტატუებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მოტივების მნიშვნელობას, შესაძლებელია, რომ ტატუები გარკვეულ სტატუსზე მიუთითებდა. ამას ემატება ისიც, რომ გამოსახულია სხეულის კარგად ხილვად, ზედა ნაწილებზე.
მომდევნო 1000-წლიანი პერიოდის ეგვიპტურ მუმიებში ტატუები აღარ ჩანს.
„ეს აღმოჩენა ნათლად ადასტურებს, რომ ტატუირება გავრცელებული იყო დინასტიამდელ პრეისტორიულ ეგვიპტეში. საბოლოო ჯამში, აფრიკაში აღმოჩენილმა ტატუებმა ათასი წლით უკან გადაინაცვლა“, — წერენ მკვლევრები.
„ეს გახლავთ ამ დრომდე ჩვენთვის ცნობილი ტატუირების უძველესი მოტივები. ირკვევა, რომ ამ პრაქტიკას ანტიკური ეგვიპტის ცივილიზაციაც მისდევდა; შედეგად, ტატუირების ისტორიამ პრეისტორიულ ხანაში გადაინაცვლა“, — აღნიშნავენ მკვლევრები.
კვლევა Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდება.
მომზადებულია britishmuseum.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით