ეგვიპტის უდაბნოს უცნაური, ყვითელი მინის ქვების წარმოშობის საიდუმლო ამოხსნილია
მსოფლიოს ზოგიერთ უდაბნოში ნაპოვნი უცნაურად ყვითელი, ეგზოტიკური მინის წარმოშობის საიდუმლო ამოხსნილია. ისინი დედამიწაზე დაახლოებით 30 მილიონი წლის წინ გაჩნდა.
მინის ეს ქვები მოიპოვება ლიბიის უდაბნოში — საჰარის უდაბნოს აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ ლიბიასა და დასავლეთ ეგვიპტეში. უიშვიათესი ყვითელი შეფერილობის გამო, მას დეკორატიული მიზნებისთვის იყენებდნენ ჯერ კიდევ ფარაონ ტუტანხამონის დროს.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ეს უცნაური მინა წარმოქმნილია დაახლოებით 30 მილიონი წლის წინ, მაგრამ უცნობი რჩებოდა, რა ძალებმა განაპირობა დედამიწაზე ამ ნივთიერების წარმოქმნა. დომინირებდა ორი ძირითადი ჰიპოთეზა.
ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის გეოლოგისა და პლანეტური მეცნიერის, აარონ კავოსის განცხადებით, მეცნიერები განიხილავდნენ, ეს მინა საჰაერო აფეთქებების შედეგად იყო წარმოქმნილი თუ მეტეორიტების დაცემის შედეგად.
როგორც კავოსი აცხადებს, წინა მოდელები მიუთითებდა, რომ ლიბიის უდაბნოს მინა უნდა წარმოქმნილიყო ისეთი საჰაერო აფეთქებების შედეგად, როგორიც 2013 წელს, ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე მოხდა, ატმოსფეროში კოსმოსური ნამტვრევის შემოჭრის შედეგად.
თუმცა, ახალი კვლევა სულ სხვა რამეზე მიუთითებს. კავოსიმ შეისწავლა ლიბიის უდაბნოს მინებში ჩაჭედილი მინერალის, ცირკონის პატარა მარცვლები. ანალიზებმა გამოავლინა კიდევ ერთი მინერალის, რეიდიტის კვალი, რომელიც წარმოიქმნება მაღალი წნევის პირობებში, მაგრამ არა საჰაერო აფეთქებების, არამედ მეტეორიტთა დაცემის შედეგად.
კავოსის თქმით, დნობის გამოწვევა საჰაერო აფეთქებებსაც შეუძლია და მეტეორიტების დაცემასაც, მაგრამ მხოლოდ მეტეორიტთა დაცემა წარმოშობს იმ შოკურ ტალღებს, რომელიც მაღალი წნევის მინერალებს წარმოქმნის.
შესაბამისად, მინერალ რეიდიტის პოვნა ადასტურებს, რომ ეს მინა მეტეორიტების დაცემის შედეგად არის წარმოქმნილი.
კვლევის მიხედვით, რეიდიტის აღმოჩენა ამ მინის წარმოქმნის შესახებ მრავალ საინტერესო ცნობას გვაწვდის.
მაგალითად, გვთავაზობს გეოლოგიურ ჩანაწერებს, თუ რამდენად ხშირად ცვიოდა დედამიწაზე ეს მეტეორიტები. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ მოგვეპოვება საჰაერო აფეთქებათა შედეგად ბოლო 5 მილიონი წლის განმავლობაში წარმოქმნილი დეპოზტიები.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლიბიის უდაბნოს მინის წარმოქმნა მხოლოდ უიშვიათეს მოვლენას (მეტეორიტების დაცემა) შეუძლია, ისღა დაგვრჩენია, იმედი გვქონდეს, რომ უახლოეს მომავალში მისი ხელახლა წარმოქმნის მომსწრე არ გავხდებით.
მეტეორიტების დაცემა კატასტროფული მოვლენაა, მაგრამ საკმაოდ იშვიათი. რაც შეეხება საჰაერო აფეთქებებს, ისინი უფრო ხშირად ხდება, მაგრამ ძირითადად უსაფრთხოა.
კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია curtin.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.