ეგვიპტეში ფრთხილად გათხარეს 1990 წელს აღმოჩენილი სამარხი, რომელიც დღემდე მივიწყებული და გაუხსნელი იყო. საფლავში სხვადასხვა განძის თანხლებით 3500 წლის წინ დაკრძალული მუმია აღმოჩნდა.
ამ სამარხთან ერთად, არქეოლოგებმა ქალაქ ლუქსორში, მეფეთა ხეობის სიახლოვეს, დრა-აბუ-ელ-ნაგას ნეკროპოლისში კიდევ ერთი სხვა საფლავი გათხარეს. ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს ცნობით, სამარხები მე-18 დინასტიით თარიღდება (ძვ. წ. 1549-1292) და სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ადამიანებს ეკუთვნის.
1990-იან წლებში, საფლავი აღმოაჩინა და აღრიცხა გერმანელმა ეგვიპტოლოგმა ფრიდერიკა კამპ-ზეიფრიდმა. თუმცა, იგი უშუალოდ აკლდამაში არ შესულა.
სამარხი სახელწოდებით კამპ 161 გაუთხრელი რჩებოდა, კამპ 150 კი მხოლოდ შესასვლელ ნაწილში გათხარეს. მას შემდეგ, ორივე აკლდამა თითქმის ყველას მიავიწყდა, თუმცა ბოლო არქეოლოგიურ სეზონზე, ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს ოფიციალურმა ექსპედიციამ სამარხები ბოლოსდაბოლოს გახსნა.
აპრილში, ამავე ნეკროპოლისში აღმოაჩინეს უსერჰატის აკლდამა — მოსამართლის, რომელიც 3000 წლის წინ ცხოვრობდა.
ჯერჯერობით არ მომხდარა ორი ახლად გათხრილი სამარხის მფლობელთა იდენტიფიცირება, მაგრამ სავარაუდოდ, ისინი მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ; დაკრძალვის თარიღის დადგენა მოხერხდა საფლავში ჩატანებული ნივთებითა და დეკორაციებით.
კამპ 161-ის შიგნით არსებული კედლის მოხატულობიდან, გრავიურებიდან და წარწერებიდან ნათელი ხდება, რომ სამარხი მიეკუთვნება ფარაონ ამენჰოტეპ II-ისა და მისი ვაჟის, თუტმოს IV-ის მეფობის დასასრულის პერიოდს, დაახლოებით ძვ. წ. 1400 წელს.
კედელზე მოხატულია კაცი, რომელიც გარდაცვლილსა და მის ცოლს ყვავილებს სთავაზობს, ასევე სცენა, რომელიც ასახავს სტუმრების ოთხ რიგს. გარდა ამისა, არქეოლოგებმა იპოვეს საფლავის ნიღბები, სკამის ფეხები და კუბოების ნამტვრევები.
კამპ 150-ში აღმოაჩინეს ტილოში გახვეული მუმია და როგორც ჩანს, ეს სამარხი მდიდარი უნდა იყოს ჩატანებული ნივთების თვალსაზრისით.
როგორც აკლდამის ერთ-ერთი კამერის ჭერზე გამოსახული კარტუშიდან ირკვევა, საფლავი ფარაონ თუტმოს I-ის მეფობის პერიოდს ეკუთვნის. თუტმოს I-ის ზეობა ძვ. წ. 1506 წელს დაიწყო და შესაბამისად, ეს სამარხი კამპ 161-ზე თითქმის საუკუნით ძველია.
არსებობს მინიშნებაც, თუ ვინ შეიძლება იყოს შიგ დაკრძალული. სამარხის შესასვლელის ერთ-ერთ კედელზე, ამოკვეთილია სახელი „ჯეჰუტი მეს“.
თუმცა, საფლავში აღმოჩენილ 50 სამგლოვიარო კონუსზე არსებულ წარწერებში მოხსენიებულია ვინმე მაატი და მისი ცოლი მეჰი. სამგლოვიარო კონუსები იდუმალებით მოცული ობიექტებია, რომლებიც მრავალ ეგვიპტურ სამარხშია აღმოჩენილი.
აკლდამის კიდევ ერთ სამარხ განყოფილებაში დაკრძალულია ქალი სახელად ისის ნეფრეტი, რომელიც სავარაუდოდ, საფლავის პატრონის დედა უნდა ყოფილიყო. ისის ნეფრეტი დამარხულია უშბეტის მრავალ პატარა ქანდაკებასთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი ასახავს ქალს ოსირისის ფორმაში.
მთავარი სამარხი შეიცავს 100 სამგლოვიარო კონუსს, ხის რამდენიმე დასაკრძალ ნიღაბს, 450 ქანდაკების კოლექციას, პატარა კუბოს ფორმის ყუთს, რომელშიც სავარაუდოდ მოთავსებული იყო უშებტის ფიგურა, მრავლადაა კერამიკის ჭურჭელიც.
სამარხში ჩატანებული ნივთები ცხადყოფს, რომ ეს მუმია სავარაუდოდ, სამეფო კარის უმაღლესი თანამდებობის პირს ეკუთვნოდა. უფრო მეტის გასარკვევად, უნდა დაველოდოთ არქეოლოგთა დეტალურ ანგარიშს, რომელსაც მალე გამოაქვეყნებენ.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით