ეგვიპტეში უძველესი ასტრონომიული ობსერვატორია აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ეგვიპტის ქალაქ ქაფრ-ელ-შეიხში აღმოაჩინეს შენობის ნანგრევები, საიდანაც ერთ დროს, ძველეგვიპტელები ცას აკვირდებოდნენ.
დაახლოებით 2500 წლის წინ, ეს შენობა ძვ. წ. მე-6 საუკუნის უდიდესი ეგვიპტური ობსერვატორიის ნაწილი იყო, მდებარეობდა ქალაქ ბუტოში და შედიოდა ფარაონთა ტაძრის შემადგენლობაში.
ამ ნაგებობიდან ასტრონომები აკვირდებოდნენ მზისა და ვარსკვლავების მოძრაობას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი იყო ძველეგვიპტელთა ცხოვრებაში.
ეგვიპტელები ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ასტრონომები იყვნენ; მათ მემკვიდრეობას დღემდე აქვს გამოძახილი. სწორედ ძველ ეგვიპტეში დაიბადა 365-დღიანი კალენდარი და 24-საათიანი დღე. მათ სრულად ჰქონდათ აღრიცხული ღამის ცა და ჰქონდათ საკუთარი თანავარსკვლავედები და ზოდიაქო, რომლის ზოგიერთი ნიშნებიც დღემდე გამოიყენება.
იმ მწირი მტკიცებულებების მიუხედავად, რომლებმაც დროს გაუძლო და დღემდე მოაღწია, ახლად აღმოჩენილი ობსერვატორია მათ უნარებს წარმოაჩენს.
შენობა ალიზითაა ნაგები და 850 კვადრატულ მეტრს მოიცავს; აშენებულია L-ის ზომის საყრდენი სვეტებით. შესასვლელი აღმოსავლეთით აქვს — აისის მიმართულებით.
ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს არქეოლოგებმა შიგნით აღმოაჩინეს არტეფაქტები და ცის შესწავლასთან დაკავშირებული აღჭურვილობა.
განსაკუთრებით საყურადღებოა დიდი, დახრილი, ჩრდილის საათი — დიზაინი, რომელიც ძველეგვიპტელებმა დროის აღსარიცხად მოიგონეს. ისინი მზის საათების ერთგვარი ტიპი იყო და იყენებდა ცაზე მზის გადაადგილების შედეგად წარმოქმნილი ჩრდილის მოძრაობას, რითაც დროს აღრიცხავდა გამთენიიდან დაღამებამდე.
ეს კონკრეტული საათი შედგებოდა 4,8-მეტრიანი კირქვის ფილების მიმდევრობისგან, რომლებზეც დაყენებული იყო კირქვის ხუთი ბრტყელი ბლოკი — სამი ვერტიკალურად და ორი ჰორიზონტალურად. მიუხედავად იმისა, რომ ახლა გაცვეთილია, ამ ბლოკებზე ერთ დროს ამოკვეთილი უნდა ყოფილიყო ხაზები, რომლებსაც მზის მოძრაობის კვალდაკვალ ბლოკებზე დაცემული ჩრდილის დახრილობა უნდა აღერიცხა.
წრიულ ოთახში ასევე აღმოაჩინეს ქვის დიდი ბლოკი ორი სხვა წრიული ბლოკით — ერთი ჩრდილოეთით და მეორე დასავლეთით. ისინიც მზის დახრილობის აღსარიცხად გამოიყენებოდა.
ხუთ პატარა ჩამწკრივებულ ოთახს სავარაუდოდ დასაკვირვებლად საჭირო ხელსაწყოთა შესანახად იყენებდნენ, ოთხ პატარა ალიზის ოთახსა და ერთ ქვის ოთახს კი ობსერვატორიის კოშკად. ასევე აღმოაჩინეს დიდი დარბაზი, რომლის სამი კედელიც ყვითლადაა შეღებილი და ზედ კედლის მხატვრობაა.
მათ შორის არის სარიტუალო ნავი რვა ნიშით, უკანა მხარეს ორი ნიჩბით. ნავის წინა მხარეს, არქეოლოგებმა შენიშნეს ჰორისის თავისა და უაჯიტის თვალის გამოსახულება — ეს სიმბოლოები არა მხოლოდ სამყაროსა და კოსმოსთან იყო დაკავშირებული, არამედ ღმერთ ჰოროსთან და ქალღმერთ უაჯიტთან, რომლებიც ქალაქ ბუტოს ორ ყველაზე მნიშვნელოვან ღვთაებას წარმოადგენდნენ.
დარბაზის შუაში აღმართულია ქვის პლატფორმა, რომელზეც გამოსახულია ძველი ეგვიპტის სამ სეზონში მზის ამოსვლისა და ჩასვლის ასტრონომიული სცენები.
ობსერვატორიაში აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის არის ოსირისისა და ნემესის ქანდაკებები, ღმერთ ბესის ტერაკოტის ქანდაკება და 26-ე დინასტიით დათარიღებული ოსირისის გრანიტის ქანდაკება, რომელზეც ქურუმის სახელი აწერია — პსამტიკ-სენები.
სხვა არტეფაქტებს შორისაა საზომი ხელსაწყოები, ფაიანსის მენატი ყელსაბამი, ღმერთ პტას ფაიანსის ქანდაკება, ფაიანსის რელიგიური სიმბოლოები, კერამიკის არტეფაქტები, ამფორები და ძღვენის მისართმევი მაგიდები.
ასტრონომია ძველეგვიპტელთათვის ღრმად მნიშვნელოვანი იყო. კომპლექსური კალენდრით აღრიცხავდნენ დროის მსვლელობას და განსაზღვრავდნენ რელიგიურ და პოლიტიკურ რიტუალთა თარიღებს, მაგალითად, ფესტივალებისა და კორონაციების. ასევე მნიშვნელოვანი იყო მდინარე ნილოსის ყოველწლიური ადიდების, სოფლის მეურნეობისა და ნავიგაციის აღრიცხვა.
დღეს კალენდარი ყველას გარანტირებულად გვაქვს და ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია. სულ მცირე ნაწილობრივ მაინც, ამისათვის ძველეგვიპტელ ასტრონომებს უნდა ვუმადლოდეთ.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.