ეგვიპტეში, ორმოში დამარხული მოჭრილი ხელის მტევნები უძველეს საზარელ ცერემონიაზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება
ძველეგვიპტური სასახლის ეზოში აღმოჩენილი თორმეტი ხელის მტევანი შეიძლება უცხოელი დამპყრობლის მიერ შესრულებული საზარელი, „ნადავლის მიღების“ რიტუალის შედეგი იყოს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
ეგვიპტური სამარხებისა და ტაძრების წარწერებსა და რელიეფებზე დასახიჩრებული ან ამპუტირებული ხელები ჯერ კიდევ ახალი სამეფოს პერიოდში გვხვდება, ძვ. წ. მე-16 – მე-11 საუკუნეებში. ახალი კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა არქეოლოგებმა ნამდვილი ხელები აღმოაჩინეს და შეისწავლეს.
„ისინი სულ მცირე თერთმეტ მამაკაცს და სავარაუდოდ ერთ ქალს ეკუთვნის, რაც შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ქალებისთვის ომი უცხო სულაც არ იყო“, — წერენ მკვლევრები.
ჯგუფმა ანალიზები ჩაუტარა 2011 წელს აღმოჩენილ მარჯვენა ხელის მტევნებს. ისინი ჩრდილო-დასავლეთ ეგვიპტეში, ჰიქსოსის სასახლის ეზოში, სამ სხვადასხვა ორმოში იყო დამარხული.
სასახლე მე-15 დინასტიას ეკუთვნოდა (ძვ. წ. 1640-1530), როდესაც ქვემო და შუა ეგვიპტეს, ქალაქ კუზაემდე, ჰიქსოსი მეფეები მართავდნენ. მიიჩნეოდა, რომ ჰიქსოსები ეგვიპტის დამპყრობლები იყვნენ, მათი მეფეები კი ცივილიზაციის პირველი უცხოელი მმართველები, მაგრამ უახლესი მტკიცებულებების მიხედვით, შეიძლება ასე სულაც არ იყო.
გერმანელ და ავსტრიელ მკვლევართა ჯგუფის ცნობით, ორმოში ნაპოვნი მოჭრილი ხელები სულ მცირე 12 ზრდასრულ ადამიანს ეკუთვნის, მაგრამ ასევე აღმოჩენილია რამდენიმე არასრული ხელი და თითები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჯამში იქ შეიძლება 18 ხელი იყოს.
ჯგუფმა, რომელსაც გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის პალეოპათოლოგი ჯულია გრესკი ხელმძღვანელობდა, პირველ რიგში მოჭრილი ხელების განლაგების ტაფონომიური მიზეზები განიხილა. ტაფონომია სიკვდილის შემდეგ სხეულსა და მის ნაწილებს სწავლობს, აფასებს შენარჩუნების, ხრწნისა და განმარხების პროცესებს.
მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ნაწილების დროთა განმავლობაში გადაადგილება უცხო არ არის, თუნდაც წყალდიდობის ან ლეშისმჭამელების, ანდაც ეროზიის მიერ, მკვლევრები ფიქრობენ, რომ ორმოებში მოჭრილი ხელები მიზანმიმართულად უნდა დაემარხათ.
„წინამხრის მოცილების შემდეგ, ხელის მტევნები მიწაში ფართოდ თითებგაშლილი მოუთავსებიათ, ძირითადად, ხელისგულებზე“, — წერენ ავტორები.
მაჯის პროქსიმალური რიგის ძვლები, რვა პატარა ძვლის კრებული მაჯაში, რომლებიც ხელის მტევანს წინამხართან აკავშირებს, 12 შესწავლილი ხელიდან 6-ში ხელუხლებელი იყო. ვერ იპოვეს ქვედა მკლავის ფრაგმენტები, რაც მკვლევრებს აფიქრებინებს, რომ ხელები განზრახ არის მოკვეთილი, სახსრის კაფსულების გაჭრით და შემდეგ მაჯის მყესების გადაჭრით.
„გადარჩენის შანსის გარეშე ადამიანთა დასახიჩრება ხშირად ხელის მოკვეთით ხდება. ეს მეთოდი სწრაფი და ადვილია, მაგრამ ამ დროს, ქვედა მკლავი ხელზე მიბმული რჩება. თუ ამ ხელების შემთხვევაშიც ასე იყო, ადამიანებს, რომლებმაც ეს ცერემონია ჩაატარეს, კარგად უზრუნიათ მტევნისგან ქვედა მკლავის მოჭრაზეც“, — წერენ მკვლევრები.
როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ორმოებში აღმოჩენისას, ხელის მტევნები ჯერ კიდევ „რბილი და მოქნილი“ იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ან სიკვდილის შემდეგ გამაგრებამდე დამარხეს, ან ამ პროცესიდან მალევე.
სხეულის გამაგრება სიკვდილიდან რამდენიმე საათის შემდეგ იწყება და პიკს 12-24 საათის შემდეგ აღწევს. ტენიანობის, ტემპერატურის, გარდაცვლილის ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობის შესაბამისად, ეს პროცესი 1-3 დღეში წყდება.
პროცესი ცვალებადია სხეულის სხვადასხვა ნაწილშიც და ხელების შემთხვევაში, ის ძირითადად სიკვდილიდან 6-8 საათის შემდეგ იწყება. შესაბამისად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ინდივიდები ცერემონიის დროს ან სულ ცოტა ხნის შემდეგ დაანაწევრეს, ხელები კი ორმოებში სიკვდილის შემდეგ გამაგრების შემდეგ დამარხეს.
მკვლევართა განცხადებით, მარჯვენა ხელის მოკვეთას ეგვიპტეში ჰიქსოსები იმაზე 50-80 წლით ადრეც მისდევდნენ, ვიდრე ამას საფლავების იეროგლიფებში გამოსახავდნენ.
„ეგვიპტელებმა ეს ჩვევა სულ მცირე ფარაონ იაჰმეს I-ის ზეობისას შემოიღეს, როგორც ეს აბიდოსში, მის ტაძარში არსებულ რელიეფში ჩანს“, — წერენ მკვლევრები.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ავტორებს გაუჩნდათ, არის ის, ხელის მოჭრა სასჯელის სახე იყო თუ სამხედრო გამარჯვებათა ჯილდოსი.
„მოჭრილი ხელების მდებარეობა, დამუშავება და შესაძლო განლაგება ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ ეს ქმედება კანონის აღსრულების მიზნით ხდებოდა“, — წერენ კვლევის ავტორები.
ორმოები, სადაც მოჭრილი ხელები იყო დამარხული, სასახლის დიდ ეზოში, სატახტო ოთახის წინ იყო ამოთხრილი. ჯგუფის აზრით, მათი ასეთი გამორჩეული მდებარეობა, რათა ისინი ხილული ყოფილიყო ყველასთვის, იმის მანიშნებელია, რამდენად გავრცელებული უნდა ყოფილიყო „ნადავლის მიღების“ ეს პრაქტიკა.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.