ეგვიპტეში ხელუხლებელი სამარხები და დიდძალი ოქრო აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ეგვიპტის ქალაქ დუმიატში, ძველეგვიპტურ ნეკროპოლის ტელ-დეირში უკიდურესად იშვიათი აღმოჩენა გააკეთეს.
გათხრების შედეგად აღმოჩენილია ათასობით წლის წინანდელი, დღემდე ხელუხლებლად შემონახული ათობით სამარხი. ალიზისგან აშენებული კამერები ჯერ კიდევ სავსეა განძით, რომელიც 2500 წლის წინ ჩააყოლეს მიცვალებულებს.
განძს შორის არის კერამიკის ჭურჭელი, სამგლოვიარო ამულეტები და სკრაბეუსი, რომლებსაც მიცვალებული სიკვდილის შემდეგ „სიცოცხლეში“ უნდა დაეცვა, უშბათის ფიგურები, რომლებიც მიცვალებულს უნდა მომსახურებოდნენ, ბრინჯაოს მონეტები და ოქროს კილიტებით განსახიერებული რელიგიური სიმბოლოები და ღვთაებები, მაგალითად, ისიდა, ბასტეტი და ჰოროსი.
აღმოჩენა უჩვეულო იმ თვალსაზრისით არის, რომ მრავალი ძველეგვიპტური საფლავი ჯერ კიდევ ფარაონების პერიოდიდანაა გაძარცვული. ხელუხლებელი სამარხები უკეთეს ცნობებს გვაწვდის ძველეგვიპტელთა დაკრძალვის ადათების შესახებ.
ტელ-დეირში არქეოლოგიური მისია უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, რის შედეგადაც აღმოაჩინეს სამარხი კომპლექსი, რომელიც 26-ე დინასტიას ეკუთვნის, ძვ. წ. 644-525 წლებში. წინა გათხრებისას აღმოაჩინეს 20 სამარხი, რომლებშიც მიაგეს ამულეტებს, ოქროს კილიტებს, სკრაბეუსებს და მინიატურულ კანოპურ თასებს — ჭურჭელს, რომელშიც მიცვალებულის ორგანოებს ათავსებდნენ.
მას შემდეგ, გათხრების შედეგად აღმოაჩინეს არა მხოლოდ 63 ცალკეული ალიზის საფლავი, არამედ უფრო მარტივი სამარხებიც. როგორც ჩანს, ამ ნეკროპოლისი თავს იყრის ყველა სახის სამარხი, ღარიბულიდან დაწყებული, უმაღლესი სტატუსის მქონე ადამიანთა სამუდამო განსასვენებლებით დამთავრებული.
არქეოლოგები ყველაზე მეტად დააინტერესა კომპლექსის არქიტექტურულმა გეგმარებამ. ეს დიზაინი გავრცელებული იყო ძველი ეგვიპტის გვიანდელ პერიოდში, რომელიც 26-ე დინასტიით დაიწყო.
„ეს ხაზს უსვამს აღმოჩენის ისტორიულ მნიშვნელობას, რაც შეიძლება დასაწყისი იყოს ქალაქ დუმიატის მნიშვნელოვანი პერიოდის ხელახლა დათარიღებისა“, — წერს ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტრო განცხადებაში.
საინტერესოა, რომ კერამიკის ქილაში აღმოჩენილი ბრინჯაოს 38 მონეტა პტოლემეების დინასტიით თარიღდება, რომელიც ძვ. წ. 305 – 30 წლებში ზეობდა — კომპლექსის აშენებიდან რამდენიმე ასეული წლის შემდეგ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დუმიატი მნიშვნელოვანი კომერციული კვანძი იყო ეგვიპტის ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში.
არქეოლოგთა განცხადებით, აღმოჩენილი არტეფაქტები ოსტატობის შთამბეჭდავი ნიმუშებია — წარმოაჩენს ფართო სპექტრის უნარებს, მასალებზე წვდომას და ვაჭრობას ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა ქალაქებთან, რადგან კომპლექსში აღმოჩენილი ზოგიერთი ჭურჭელი ეგვიპტეში იმპორტირებულია.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.