ძველეგვიპტურ არქეოლოგიურ ძეგლ ტაპოსირის-მაგნაზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 2000 წლის წინანდელი მუმია, რომელსაც ოქროს ენა აქვს.
როგორც ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრო განცხადებაში წერს, მებალზამეებმა ოქროს ენა გარდაცვლილს სავარაუდოდ იმიტომ ჩააყოლეს, რომ მას სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეში ლაპარაკი შესძლებოდა.
მაგალითად, თუ ოქროსენიანი მუმია სიკვდილის შემდეგ მიწისქვეშეთის ღმერთ ოსირისს შეხვდებოდა, ლაპარაკი დასჭირდებოდა. უცნობია ჰქონდა თუ არა ამ ადამიანს სიცოცხლეში ლაპარაკის პრობლემა; ასევე უცნობია, რატომ დაამზადეს ენა მაინც და მაინც ოქროსგან.
არქეოლოგებმა, რომელსაც კატლინ მარტინესი ხელმძღვანელობს დომინიკელთა რესპუბლიკიდან, მუმია ტაპოსირის-მაგნას 16 სამარხიდან ერთ-ერთში აღმოაჩინეს. ამ ძეგლზე იყო ოსირისისა და ისიდას ტაძრებიც; ქალღმერთი ისიდა ოსირისის და და ცოლი იყო. ცოტა ხნის წინ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მონეტების განძი, რომლებზეც კლეოპატრა VII-ის სახეა გამოსახული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ტაძრები სწორედ დედოფალ კლეოპატრას მმართველობის დროს მოქმედებდა.
დანარჩენი 15 სამარხიც დაახლოებით 2000 წლის წინანდელია და მნიშვნელოვან განძს შეიცავს. ერთ-ერთ მათგანში აღმოჩენილი ქალის მუმია გარდაცვლილის ნიღაბს ატარებს, რომელიც მისი სხეულის დიდ ნაწილს ფარავს, ახურავს თავსაბურავი და იღიმის.
ორი მუმია გრაგნილების ნაშთებთან ერთად აღმოაჩინეს, რომელთა ანალიზს და გაშიფვრას მკვლევრები ახლა ცდილობენ. ერთ-ერთი მუმიის შესაფუთ მასალაზე დატანებულია ოსირისის ოქროს დეკორაციები.
მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს რამდენიმე ქანდაკება, რომლებიც სამარხში დაკრძალულ ხალხს ასახავს; ქანდაკებები იმდენად კარგად არის შემონახული, რომ დღემდე შეიმჩნევა ინდივიდუალური ვარცხნილობები და თავსაბურავები. სახეები ოფიციალურია, სახეზე ღიმილის გარეშე.
არქეოლოგებმა დაზუსტებით არ იციან, როდის დაიღუპნენ ეს ადამიანები, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ისინი სავარაუდოდ იმ პერიოდს ეკუთვნიან, როდესაც ეგვიპტეს ან პტოლემეები მართავდნენ (ძვ. წ. 304 – ახ. წ. 30), რომლებიც ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი გენერლის შთამომავლები იყვნენ, ან რომის იმპერია, რომელმაც ეგვიპტე დედოფალ კლეოპატრას სიკვდილის შემდეგ აიღო (ძვ. წ. 30).
ტაპოსირის-მაგნაზე გათხრებს აწარმოებს ეგვიპტელ და სანტო-დომინგოს უნივერსიტეტის (დომინიკელთა რესპუბლიკა) არქეოლოგთა ჯგუფი.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.