ეგვიპტეში საკმაოდ კარგად შემონახული უძველესი სამარხი აღმოაჩინეს. როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ის ეკუთვნის სამეფო ქურუმს, რომელსაც მათი აზრით, ძალიან უნდა ჰყვარებოდა დედა.
ეგვიპტის სიძველეთა უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივნის, მუსტაფა ვაზირის განცხადებით, დედის სახელს ქურუმი თითქმის ყველგან იხსენიებს, როგორც უთვალავ იეროგლიფში, ისე ქანდაკებებსა და ნახატებში.
სამარხი 4400 წლისაა. ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ჩანს, რომ ის განსაკუთრებით კარგ პირობებშია. ვაზირის თქმით, ეს აღმოჩენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ბოლო ათ წელში.
ქურუმის სახელი იყო ვაჰტიე. იგი მსახურობდა ეგვიპტის მეხუთე დინასტიის დროს, ფარაონ ნეფერირკარა კაკაის მეფობისას. მისი სამარხის სიგრძე დაახლოებით 10 მეტრია, სიგანე და სიმაღლე 3 მ. აღმოაჩინეს კაიროს სამხრეთით, საქარის რეგიონში.
სამარხი ორდონიანია და სავსეა სკულპტურებითა და ქურუმისა და მისი ოჯახის წევრების ამსახველი ნახატებით.
გამოცემა Egypt Today-ს ცნობით, ნახატებზე ასახულია კერამიკისა და ღვინის წარმოების პროცესი, რელიგიური ძღვენის მირთმევა, მუსიკის შესრულება, ნავებით ცურვა, დასაკრძალი ავეჯის წარმოება და ნადირობა.
როგორც NPR იუწყება, საქარა უფრო დიდი კომპლექსის ნაწილია, სადაც არქეოლოგებმა არქიტექტურისა და ხელოვნების არაერთი ნიმუში აღმოაჩინეს ძველეგვიპტელთა ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ვაზირის თქმით, მრავალი უძველესი არტეფაქტი სამარხის ქვედა დონეებში იმალება. იგი გულისხმობს სექციას, რომელშიც მისი აზრით, ინახება სამარხის პატრონის სარკოფაგი. დამატებითი გათხრები რამდენიმე დღეში დაიწყება.
სამარხი თითქმის ბრწყინვალედაა შემონახული. სრულადაა შემორჩენილი ნახატები. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ სამარხი გაძარცვული არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ სამარხი 4,400 წლისაა, ფერები თითქმის ხელუხლებელია“, — განუცხადა ვაზირიმ Reuters-ს.
მეხუთე დინასტია ეგვიპტეს დაახლოებით ძვ. წ. 2500 წლისკენ მართავდა.