ჩეხმა არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 500 წლის წინანდელი გემი აღმოაჩინეს. მეცნიერთა ვარაუდით, გემი სარიტუალო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. უნიკალური აღმოჩენის შესახებ პორტალი Prague Daily Monitor-ი იუწყება.
ხის ხომალდის ფრაგმენტებს არქეოლოგებმა კაიროს სამხრეთით, აბუ-სეირის რაიონში მიაკვლიეს იმ სამარხების მახლობლად, რომლებიც მეცნიერთა ვარაუდით III ან IV დინასტიის ფარაონებს ეკუთვნით (ძვ. წ. 2 500 წ.).
გემის სიგრძე 18 მეტრია. მასთან ერთად არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს თოკის ფრაგმენტები, რომლის საშუალებითაც ერთმანეთს იყო დაკავშირებული უძველესი ხომალდის სხვადასხვა ნაწილები.
„ანტიკური გემბანი ხის ფიცრებისგან იყო გაკეთებული; საოცარია, რომ დღეს იგი ისევ თავდაპირველ პოზიციაშია. გასაკვირია, მაგრამ უდაბნომ ძალზე კარგად შემოინახა ბოჭკოსგან დამზადებული თოკები, რომლებითაც ხომალდი იყო შეკრული“, — ამბობს ჩეხი არქეოლოგი მიროსლავ ბარტა.
მეცნიერებმა გემი 2015 წელს აღმოაჩინეს უძველესი სამარხების მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდის დროს. მკვლევარები არქეოლოგიურ სამუშაოებს აგრძელებენ.
წყარო: Prague Daily Monitor