ედვარდ იაუ - საქართველოში ჩამოვედით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის ურთიერთობის გაღრმავებას
ედვარდ იაუ - საქართველოში ჩამოვედით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის ურთიერთობის გაღრმავებას

ჩვენ აქ ვართ, რათა ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ხელი შევუწყოთ ურთიერთობების გაღრმავებას, – განაცხადა ჰონგ კონგის (ჩინეთი) სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა ედვარდ იაუმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაციის შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ჰონგ კონგის რამდენიმე ათეული კომპანიის ხელმძღვანელი პირი დაესწრო, რომლებმაც მინისტრისა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების, ლიბერალური საგადასახადო და სამეწარმეო კანონმდებლობის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, აგრეთვე სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტებისა და სხვა საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

ჰონგ კონგის (ჩინეთი) კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივნის განცხადებით, საქართველოსა და ჰონგ კონგს ბევრი რამ აქვთ საერთო. მისი თქმით, ორივე თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებია თავისუფალი ვაჭრობითა და ღია ბაზრით. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციის შემდეგ, ორი ქვეყანა დიდ სარგებელს ნახავს.

„კიდევ ერთი მსგავსება ჰონგ კონგსა და საქართველოს შორის ის არის, რომ ორივე ქვეყანას აქვს სტრატეგიული განლაგება. ჰონგ კონგი არის ჩინეთისა და აზიის კარიბჭე, ხოლო საქართველო, როგორც ვიცით, ევრაზიის კარიბჭეა. ამიტომ, ვფიქრობ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ უფრო წაახალისებს ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას“, – განაცხადა ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა ედვარდ იაუმ.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის 2018 წლის ზაფხულში, „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ სამიტის ფარგლებში გაფორმდა.

ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაცია საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა ბიზნესფორუმი „ინვესტიციების შესაძლებლობები საქართველოში“, სადაც ჩატარდა მნიშვნელოვანი პრეზენტაციები საქართველოს ბიზნესგარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი სამთავრობო პროგრამების, ასევე სააგენტოს საქმიანობის შესახებ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ჰონგ კონგის დელეგაცია ეწვევა სხვადასხვა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას თბილისსა და ფოთში და შეხვდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კორპორაციის წარმომადგენლებს.