ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი - მოსამართლის გადაწყვეტილება შერჩევითია
საკალათბურთო საზოგადოება გმობს მომხდარ დანაშაულს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ბრალდებულები საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, – ამის შესახებ კალათბურთელმა ანატოლი ბოისამ მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” სამ წარმომადგენლისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა.
ადვოკატები აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
როგორც ბრალდებულ ზაზა კვარაცხელიას და თემურ დათიკაშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განაცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილება და პროკურატურის პოზიცია შერჩევითია.
“ყაჩაღობისა და უფრო მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს გირაოთი უშვებენ. მით უმეტეს, ამ საქმეზე ბრალდებული ორი პირი გირაოთია გათავისუფლებული”, – განაცხადა აბესაძემ.
პროკურორ გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, მოსამართლემ გაითვალისწინა მიმალვისა და მტკიცებულებებზე ზემოქმედების საფრთხე და ძალაში დატოვა პატიმრობა.
რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ საბრალდებო მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს, პროკურორის თქმით, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე არსებითი განხილვა 22 თებერვალს დაიწყება.
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე, აღნიშნული ხუთი პირი 2017 წლის დეკემბერში დააკავეს.
ბრალდების მიხედვით, საუბარია რამდენიმე საკალათბურთო თამაშის ჩაწყობაზე.