სუპერლიგა | ფინალურ სერიაში „რუსთავი“ დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
სუპერლიგა | ფინალურ სერიაში „რუსთავი“ დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერია რუსთავში გაიხსნა. რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული „რუსთავი“, რომელიც ბოლოს ჩემპიონი 2010 წელს გახდა და მას შემდეგ ფინალში არ ყოფილა, ტიტულს სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონს ეცილება. „ცხუმ-აფხაზეთი“, რომელიც შარშანწინ „დელტას“ სახელწოდებით ასპარეზობდა, ჩემპიონი გახდა, ხოლო შარშან, მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო სუპერლიგაში პრიზიორები არ გამოვლენილან.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „ცხუმ-აფხაზეთმა“ შეხვედრა კარგად დაიწყო, პირველი ტაიმი მოიგო კიდეც (36:32), თუმცა მეორე ნახევარში რუსთაველებმა უმთავრესად, დაცვაში თამაში გამოასწორეს, მეტოქეს ბოლო ათწუთეულში სულაც 6 ქულა ჩააგდებინეს და 76:60 გაიმარჯვეს.

17 ქულით მასპინძლებს ჯილან ვაშინგტონი გაუძღვათ, ხოლო მაიკლ დევისმა 16 ქულა და 7 პასი მოაგროვა. „ცხუმ-აფხაზეთიდან“ 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ალექსანდრე ფევაძე ასცდა, რომელმაც 12 ქულა ჩააგდო.

სერიის მეორე მატჩი ისევ რუსთავში 24 მაისს გაიმართება. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.