ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო რეგულაციები ამოქმედდება
ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო რეგულაციები ამოქმედდება

ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო რეგულაციები ამოქმედდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ამ თემაზე თბილისის მთავრობა პრეზენტაციას გამართავს და დეტალურად ისაუბრებს.

„ძველი თბილისის არეალს, ისტორიულ ნაწილს ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. სიმაღლეებთან დაკავშირებით არის პრობლემები და უნდა მოწესრიგდეს მორფოლოგია, შენარჩუნდეს იერსახე. ეს ყველაფერი ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. რეგულაციებს რაც შეეხება, ჩვენ არაერთი კომუნიკაცია გვქონდა დეველოპერებთან, სამშენებლო სექტორთან. მათ გავაცანით ჩვენი მიდგომები, დამოკიდებულება, რომელიც ყველამ მოიწონა და ეთანხმება. იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ძველი თბილისი, შევინარჩუნოთ ის, რითაც ვამაყობთ, აუცილებელია ამ რეგულაციების განხორციელება. ყველა ევროპულ ქალაქს, რომელსაც აქვს ისტორიული ნაწილი, აქვს ეს მიდგომა და დამოკიდებულება. შესაბამისად, ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია, სადაც მოწვეულნი იქნებიან ექსპერტები, სამშენებლო სექტორი, დეველოპერები და კიდევ ერთხელ გავაცნობთ რეგულაციებს. ამ პროექტის განხორციელებაზე მუშაობდა სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.