გიორგი ტყემალაძე – ჩვენი გუნდის ძალისხმევით, თბილისის განვითარება სწორ რელსებზე გადავიდა
ჩვენი გუნდის ძალისხმევით, თბილისის განვითარება სწორ რელსებზე გადავიდა და დარწმუნებული ვარ, განხორციელებული რეფორმებით, საკანონმდებლო ცვლილებებითა და მოქალაქეების მხარდაჭერით, თბილისი მოწესრიგებული, კომფორტული და განვითარებული ქალაქი გახდება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ სამშენებლო სფეროში თბილისის მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.
„მსურს, გამოვეხმაურო ქალაქის მერის ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ქაოტური განაშენიანების პრევენციისთვის კიდევ ერთი ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯია. დარწმუნებული ვართ, საქართველოს პარლამენტთან ერთად შემუშავდება ეფექტური კრიტერიუმები. ეს ინიციატივა კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას შესძენს თითოეულ ჩვენგანს, რათა კიდევ უფრო გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ წესებსა და ნორმებზე, რომელთა მიხედვითაც, შენობის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე მასში ცხოვრება აკრძალული იქნება.
„იმისათვის, რომ არ დაზარალდეს მოსახლეობა, რომელიც უკვე ცხოვრობს ასეთ შენობებში, ერთჯერადი აქტით იქნება მიღებული ექსპლუატაციაში. ჩვენი ქალაქისთვის ეს ძალიან დიდი წინ გადადგმულ ნაბიჯია. სამწუხაროდ, უკვე გაფუჭებულს ვერ ვუშველით. თუმცა, მსგავსი ნაბიჯებით ჩვენ შევძლებთ, პრევენცია მოვახდინოთ და სისხლის სამართლის წესით დავსაჯოთ ის არაკეთილსინდისიერი პირები, ვინც ჩვენს ქალაქს დაამახინჯებს. ჩვენი გუნდის ძალისხმევით, თბილისის განვითარება სწორ რელსებზე გადავიდა და დარწმუნებული ვარ, განხორციელებული რეფორმებით, საკანონმდებლო ცვლილებებითა და მოქალაქეების მხარდაჭერით, თბილისი მოწესრიგებული, კომფორტული და განვითარებული ქალაქი გახდება“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.