თბილისში 600-ზე მეტ ობიექტს, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, ამნისტია შეეხება
თბილისში 600-ზე მეტ ობიექტს, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, ამნისტია შეეხება

თბილისში 600-ზე მეტ ობიექტს, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში შესული არ არის, ამნისტია შეეხება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან, მაგრამ იგი შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია.

„ჩვენი საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დასრულებული და ექსპლუატაციაში მიუღებელი საცხოვრებელი სახლების საკითხი. ასეთი შენობა-ნაგებობები ბევრია ქალაქში და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობენ ადამიანები. 600-ზე მეტი ობიექტია დასრულებული, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. შესაბამისად, ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც ამ შენობა-ნაგებობაში ფლობს ფართებს, რადგან ფართების ფასი საბაზრო ფასთან შედარებით არის ძალიან დაბალი და ვერ იყენებს ვერაფერში, მაგალითად კრედიტის გამოტანა თუ დასჭირდა, არც ერთი ბანკი ასეთ ფართს არ ჩაიდებს. შესაბამისად, ვაკეთებთ ამნისტიას და ეს შენობა-ნაგებობები გვინდა, მივიღოთ ექსპლუატაციაში. ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან, მაგრამ იგი შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პატიება შეეხება სამშენებლო დარღვევებს 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით.

„აგვისტოში გვექნება ახალი რუკა, რომელიც 3D ფორმატით იქნება დამუშავებული. ჩვენ ამის თაობაზე პრეზენტაციის დროს დეტალურად ვისაუბრებთ და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს ამ ინიციატივას“, – განაცხადა კალაძემ.

დატოვე კომენტარი