მშენებლობებზე უსაფრთხოების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით დეველოპერებთან შეხვედრა მიმდინარეობს
მშენებლობებზე უსაფრთხოების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით დეველოპერებთან შეხვედრა მიმდინარეობს

თბილისის მერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე სამშენებლო დეველოპერებს საკრებულოს შენობაში ხვდებიან.

ამასთანავე, უწყების წარმომადგენლები ისმენენ, რა პრობლემებს აწყდებიან დეველოპერები რეგულაციების შესრულების პროცესში.

„უსაფრთხოების საკმარის დონეს რომ მივაღწიოთ, საჭიროა როგორც ადმინისტრაციული მხარე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ასევე ბიზნესსექტორის მხრიდან იყოს გარკვეული თანამშრომლობა, რათა მივიღოთ უსაფრთხოების საკმარისი დონე. ბოლო წელიწადზე მეტია, ჩვენ ცვლილებებს ვახორციელებთ კანონმდებლობაში და თითოეული ეს ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ მეტი უსაფრთხოება იყოს სამშენებლო მოედნებზე. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ ზეწოლას იწვევს ბიზნესსექტორზე და დღევანდელი შეხვედრაც სწორედ იმას ემსახურება, რომ მათი მხრიდანაც მოვისმინოთ, რა პრობლემებთან არის დაკავშირებული და ამ პრობლემების აღმოფხვრაზეც ვიმსჯელოთ. ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს, რომ ადამიანი არ უნდა სახიჩრდებოდეს და არ უნდა იღუპებოდეს სამშენებლო მოედნებზე. ამისთვის არსებობს უსაფრთხოების ნორმები. ჩვენ არ გვაქვს უსაფრთხოების ნორმების ნაკლებობა. ჩვენ გვაქვს ამ ნორმების შესრულების არასაკმარისი ინსტრუმენტები და შესაბამისად, სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ. ჩვენ კარგად ვიცით, როცა მუშა სიმაღლეზე მუშაობს, ის ან დაბმული უნდა იყოს, ან ჯებირი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს რომ არ სრულდება, სწორედ ამაზე მუშაობს თბილისის მერია და სხვა უწყებებიც“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისი ინფორმაციით, სამშენებლო დარღვევებზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა 34 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ბიზნესსექტორზე დაკისრებული ფინანსური ტვირთია სამშენებლო ნორმების დაუცველობისთვის.

„ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ, მათი მხრიდან რა პრობლემებთან არის დაკავშირებული ეს შესრულებები, რადგან ეს ტემპი, რაც აქამდე ხორციელდებოდა, როგორც ჩანს არ არის საკმარისი ისევე, როგორც მათი მხრიდან შესრულების ხარისხი. გასაუმჯობესებელი გვაქვს როგორც კონტროლის მექანიზმები, ასევე მათი მხრიდან შესრულების ხარისხი და ამაზე გვექნება მათთან საუბარი. როგორც იცით, ავკრძალეთ K2 კოეფიციენტის მატება, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის არ არის ხელსაყრელი და არცთუ ისე პოპულარული გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ არ შეიძლება, უსაზღვროდ ვიფიქროთ ეკონომიკურ განვითარებაზე ურბანული სივრცეების ამოვსების ხარჯზე“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკურ განვითარებასა და ურბანულ სივრცეებს შორის ბალანსს მუნიციპალიტეტი აუცილებლად დაიცავს ახლაც და მომავალშიც.