ძველი ეგვიპტის სახელგანთქმული ფარაონის მუმია ციფრულად გახსნეს — #1tvმეცნიერება
ძველი ეგვიპტის ფარაონის, ამენჰოტეპ I-ის მუმია იმდენად დახვეწილად იყო შეხვეული, ყვავილების გირლანდებით მორთული და ცოცხალ სახესთან მიმსავსებული ნიღბით დამარხული, რომ მეცნიერები მის გახსნაზე დიდხანს ყოყმანობდნენ. ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე.
ამენჰოტეპის დამარხვიდან 3000 წლის შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა მისი მუმია პირველად გახსნა, ოღონდ ციფრულად, კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით; შედეგად, მათ ვირტუალურად შეიხედეს მრავალ სახვევს შიგნით, რათა გაერკვიათ, როგორი უნდა ყოფილიყო ის სიცოცხლეში.
მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ ფარაონი, რომელიც ძვ. წ. 1525-1504 წლებში მეფობდა, 35 წლის ასაკში გარდაცვლილა, სიმაღლეში კი 169 სანტიმეტრი ყოფილა. ამას გარდა, მას წინადაცვეთაც აქვს გაკეთებული და საკმაოდ კარგი კბილები ამშვენებს. სახვევებს შიგნით მეცნიერებმა დაინახეს 30 ამულეტი, ასევე ოქროს უნიკალური სარტყელი და ოქროს მძივები.
ქამრისებრ სარტყელს მაგიური მნიშვნელობა ჰქონდა, თითოეულ ამულეტს კი გარდაცვლილი ფარაონისთვის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეში დახმარების ფუნქცია.
„ამენჰოტეპ I-ის მუმია სარტყელს ატარებს. ძველეგვიპტელები ასეთ მორთულობას წელზე შემოკრულს ატარებდნენ. ზოგიერთ სარტყელს, მათ შორის ამას, გვერდებზე ამულეტები გასდევს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, კაიროს უნივერსიტეტის რადიოლოგიის პროფესორი საჰარ სალიმი.
ამენჰოტეპ I
ამენჰოტეპ I მე-18 დინასტიის წარმომადგენელი იყო და მისი მეფობისას ეგვიპტე სამხრეთით, ჩრდილოეთ სუდანის მიმართულებით გაფართოვდა. ფარაონმა წამოიწყო მშენებლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მრავალი ტაძარი აშენდა. არავინ იცის, როგორ დაიღუპა ფარაონი ან სად იყო თავდაპირველად ის დაკრძალული.
მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც ფრანგი არქეოლოგი გასტონ მასპერო ხელმძღვანელობდა, ამენჰოტეპის მუმია 1881 წელს, ქალაქ თებეს (თანამედროვე ლუქსორი) დასავლეთ ნაწილში აღმოაჩინა; აკლდამაში კიდევ რამდენიმე მუმია იყო. მისი მუმია აკლდამაში 21-ე დინასტიის დროს არის მოთავსებული (ძვ. წ. 1070-945 წწ), მას შემდეგ, რაც ის რამდენჯერმე გაუძარცვავთ.
მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ მძარცველებს ფარაონის სხეული დაუზიანებიათ.
„კომპიუტერული სკანირების ფოტოებზე ჩანს მუმიისთვის მიყენებული დაზიანებები, მათ შორის არის ნაპრალები კისერზე, მოწყვეტილი თავი, დიდი დეფექტი მუცლის კედელზე, დანაწევრებული კიდურები, მათ შორის მარჯვენა ხელი და ფეხი.
მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ ქურუმებს მუმია აღუდგენიათ, ადგილზე მიუბიათ მომძვრალი კიდურები, მუმია რეზინით შეუკრავთ და ხელახლა გაუხვევიათ ახალ სახვევებში, შეუმკიათ ძვირფასეულობით და ამულეტებით.
უცნობია, რამ მოკლა ფარაონი. მკვლევრებმა ვერ მიაგნეს დაავადებით გამოწვეულ რაიმე ჭრილობას ან დამახინჯებას, რაც სიკვდილის მიზეზის გარკვევაში შეიძლება დახმარებოდათ.
სკანირებამ ცხადყო, როგორი შესახედაობის უნდა ყოფილიყო ფარაონი სიცოცხლეში.
„როგორც ჩანს, ამენჰოტეპ I ფიზიკურად მამამისს, იაჰმეს I-ს ჰგავდა: ჰქონდა წვრილი ნიკაპი, პატარა, ვიწრო ცხვირი, ხუჭუჭა თმა და ოდნავ წინ წამოწეული ზედა კბილები“, — ამბობს სალიმი.
მკვლევართა განცხადებით, უმეტესი ფარაონის მუმია ფიზიკურად უკვე გახსნილი ან კომპიუტერული ტომოგრაფიით არის შესწავლილი, მაგრამ ამენჰოტეპ I იმ რამდენიმე ფარაონის მუმიას შორის იყო, რომლებიც ამ დრომდე არ გახლდათ დეტალურად შესწავლილი.
„ის ფაქტი, რომ ამენჰოტეპ I-ის მუმია თანამედროვე ეპოქაში არასოდეს გახსნილა, უნიკალურ შანსს გვაძლევს: არა მხოლოდ იმის შესწავლის საშუალებას, თუ როგორ მოხდა თავდაპირველად მისი მუმიფიცირება და დაკრძალვა, არამედ იმისაც, როგორ დაამუშავა და დაკრძალა ის უმაღლესმა ქურუმმა ამონმა მეორედ, სიკვდილიდან საუკუნეების შემდეგ“, — აღნიშნავს სალიმი.
კალიფორნიის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგიის პროფესორის, კარა კუნის განცხადებით, უმაღლესი ქურუმი ამონი ამენჰოტეპ I-ს თავის წინაპრად მიიჩნევდა და შეიძლება, სწორედ ამიტომ ჩააყოლა მეორედ დამარხვისას ძვირფასი სარტყელი. ქურუმი ამონი 21-ე დინასტიის დროს ეგვიპტის გარკვეულ ნაწილებს აკონტროლებდა.
კვლევა ჟურნალ Frontiers in Medicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.