ძაღლები ნავიგაციისთვის დედამიწის მაგნიტურ ველს იყენებენ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ძაღლებს მიმართულების შესაშური შეგრძნება აქვთ. სრულიად უცხო ადგილშიც კი, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს გაურკვეველ გზებზე ადვილად ორიენტირების უნარი აქვთ.
პირველად ისტორიაში, ჩეხმა მეცნიერებმა მიაგნეს მტკიცებულებას, რომ ძაღლებს შეუძლიათ შეიგრძნონ დედამიწის სუსტი მაგნიტური ველი და ის ნავიგაციისთვის გამოიყენონ.
ჯერ უცნობია, ზუსტად როგორ და რა მასშტაბით იყენებენ ისინი ამას, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მალული შეგრძნება, რომელსაც მაგნიტორეცეფცია ეწოდება, ძაღლებში ნამდვილად არსებობს, ზუსტად ისე, როგორც სხვა მრავალ ცხოველში, მაგალითად, ფრინველებში, სალამანდრებსა და ბაყაყებში.
ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ამ ფარული ტალანტზე მეცნიერები დიდი ხანია ეჭვობდნენ, მაგრამ ასეთი ზუსტი გზით ის არასოდეს შემოწმებულა.
„მონაცემები ფრიად შთამბეჭდავია“, — ამბობს ბიოლოგი კეტრინ ლოჰმენი, რომელიც მაგნიტორეცეფციას ფრინველებსა და კუებში სწავლობს, მაგრამ ამ კონკრეტულ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
ნადირობისას, ზოგი ძაღლი უბრალოდ საკუთარი ნაფეხურებით ახდენს ორიენტირებას და გზას თავისივე სუნის საშუალებით იკვალავს, მაგრამ ზოგიერთი ხანდახან საწყის წერტილზე სრულიად ახალი გზით ბრუნდება; ამ უნარს მეცნიერები „დაზვერვას“ უწოდებენ.
ეს საკმაოდ საინტერესო უნარია, მაგრამ ამ დრომდე, ძაღლებზე მეტად სხვა ცხოველებში მიდიოდა იმის დეტალურად კვლევა, როგორ ორიენტირებენ ისინი და რამდენად არიან ამ საქმეში დამოკიდებული მაგნიტურ ველზე.
რამდენიმე წლის წინ, ჩეხმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლები კუჭში გადიან და შარდავენ ჩრდილოეთი-სამხრეთის ღერძის გასწვრივ, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მათ დედამიწის მაგნიტური ველის შეგრძნება შეუძლიათ. ახლახან, ამავე უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა იპოვა მტკიცებულება, რომ „დაზვერვაც“ ამ მალულ შეგრძნებას ეფუძნება.
ძაღლის ტესტირებისას ერთი რომელიმე შეგრძნების იზოლირება რთულია, მაგრამ მკვლევრებმა უნიკალურ მეთოდს მიმართეს. GPS მონაცემებისა და სპორტული კამერების მიერ გადაღებული ვიდეოების გამოყენებით, ისინი ათი სხვადასხვა ჯიშის 27 მონადირე ძაღლს დააკვირდნენ, რომლებიც სხვადასხვა 62 ტყიან ადგილზე საწყის წერტილზე ბრუნდებოდნენ.
2004-2017 წლებში, ძაღლება 600-ზე მეტი ტესტი შეასრულეს, მათ შორის იყო დევნა და პატრონთან დაბრუნება.
მხოლოდ ასეთ ქცევებზე დაკვირვების ანალიზით, კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ძაღლები, რომლებიც ცხოველის სუნს ედევნებოდნენ, პატრონთან დაბრუნებას ჩრდილოეთი-სამხრეთის ღერძის გასწვრივ დაახლოებით 20-მეტრიანი გარბენით იწყებდნენ, მიუხედავად იმისა, სად იდგა პატრონი ამ დროს.
ავტორებმა ამას „კომპასის რბოლა“ უწოდეს და ეჭვობენ, რომ ძაღლებისთვუს ეს გახლავთ მაგნიტური სენსორების ჩართვის გზა დაძვრამდე.
იმის გამო, რომ ტყე ძაღლებისთვის სრულიად უცხო იყო, არ იყო კვალის მიყოლისთვის საჭირო სუნიც. არ ქროდა ქარიც, რომელსაც ადამიანის სუნის ძაღლამდე მიტანა შეეძლო, გაუვალი მცენარეულობა კი გზას დიდწილად ხერგავდა. მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ვერაფრით დაფარავს დედამიწის მაგნიტურ ველს.
ყველა ამ ცვლადის მხედველობაში მიღებით, ავტორები ირწმუნებიან, რომ მონადირე ძაღლები პატრონთან დასაბრუნებელი გზის საპოვნელად ნამდვილად იყენებენ მაგნიტორეცეფციას.
ეს უნარი გადამწყვეტია დიდ მანძილზე ნავიგაციისთვის და როგორც მკვლევართა ჯგუფი აღნიშნავს, ნამდვილად არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც დღეს „აკლია“ ჩვენს ცოდნას ძუძუმწოვრების სივრცული ქცევისა და შეცნობის შესახებ.
სავარაუდოდ, მაგნიტორეცეფცია იმაზე გაცილებით მეტ სახეობაში არსებობს, ვიდრე ჩვენ ვიცით. არსებობს იმის შანსი, რომ ის ჩვენშიც კი იმალებოდეს. ფრინველებში ამ მალულ მეექვსე გრძნობაზე პასუხისმგებელი მოლეკულა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ძაღლებში, პრიმატებსა და დათვებშიც.
ეს კვლევა ამ მიმართულებით ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
კვლევა ჟურნალ eLife-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.