დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.
„ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ მომზადებული და საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებული დასკვნის მიხედვით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გამოიკვეთა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის – მ.კ.-ს როლს. ამასთან, საგამოძიებო კომისია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნაც მოხვდა.
დასკვნის აღნიშნულ რედაქციას „ქართული ოცნების“ დეპუტატები არ ეთანხმებოდნენ. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტს დადგენილების პროექტს წარუდგენს.
„მიმდინარე კვირას არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გვექნება განსახილველი. ამ საკითხებიდან გამოვყოფდი ერთ-ერთს, ეს არის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. დასკვნის პარალელურად, უმრავლესობის მხრიდან იქნება წარმოდგენილი დადგენილების პროექტი და ამ საკითხის განხილვა მოხდება მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი მმართველ გუნდს საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დასკვნის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
„საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის რეკომენდაცია, რომელიც უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ. მისი შეუსრულებლობა ნიშნავს, რომ მასზეა პასუხისმგებლობა, იმაზე, რომ ფაქტობრივად ისინი ხელს აფარებენ დამნაშავეებს. დასკვნაში გამოკვეთილია ახალი გარემოება, რაც გულისხმობს, რომ არსებობს ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე პირი, რომლის პასუხიმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. ასევე, არსებობენ თანამდებობის პირები, რომლებიც ხელს აფარებდნენ დამნაშავეს და ასევე აქ არის საუბარი იმაზე, რომ იყო საგამოძიებო პროცესის გაყალბება. ასევე, ამ დასკვნაში არის საუბარი პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის, იუსტიციის მინისტრისა და ყოფილი პროკურორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ვნახავთ ჩვენ, შესწევს თუ არა „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და ხელისუფლებას უნარი, რომ თვალი გაუსწორონ ამ რეალობას“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ევროპული საქართველოს“ დასკვნას ცხრა ხმით, ოთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ დასკვნას კი, ოთხმა წევრმა მისცა ხმა და ცხრა წინააღმდეგი იყო.
საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლოს განმარტებით, გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ., გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.