დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ჯი ჯორდანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად პირველ რაუნდში ვერ აირჩიეს
დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ჯი ჯორდანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად პირველ რაუნდში ვერ აირჩიეს

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ჯი ჯორდანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად პირველ რაუნდში ვერ აირჩიეს.

„ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის სპიკერის თანამდებობა უკვე ორ კვირაზე მეტია, ვაკანტურია. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი კევინ მაკარტი თანაპარტიელებმა გადააყენეს. ახალ სპიკერად კენჭს იყრიდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მოკავშირე, ოჰაიოს შტატის კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი, თუმცა მას 20-მა რესპუბლიკელმა ხმა არ მისცა. ჯორდანს სპიკერის თანამდებობის დასაკავებლად 217 ხმა სჭირდებოდა და მხოლოდ 200 მიიღო. ამის შემდეგ ჯიმ ჯორდანმა ახალი კენჭისყრის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ჯორდანზე მეტი ხმის მოპოვება შეძლო დემოკრატმა კანდიდატმა, ჰაკიმ ჯეფრისმა. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატები კონგრესის ქვედა პალატაში უმცირესობაში არიან, ჯეფრისმა 212 ხმა დააგროვა. მეორე რაუნდით სპიკერის არჩევას კონგრესი სავარაუდოდ დღეს შეეცდება.

ცნობისთვის, კონგრესში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ ჯორდანი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაფართოებას. ის ასევე გახლავთ ერთ-ერთი იმ სამი კონგრესმენიდან, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საქმეზე გამოძიებას ატარებს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის გარეშე კონგრესს არ აქვს საშუალება, მიიღოს კანონები ან დაამტკიცოს თეთრი სახლის მოთხოვნა საგანგებო დახმარების გამოყოფის შესახებ. ეს მოიცავს პოტენციურ დახმარებას ისრაელისა და უკრაინისათვის.