აშშ-ის ათობით ქალაქში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წლისთავთან დაკავშირებით ქალთა მარში გაიმართა. აქციის მონაწილეები აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. დემონსტრაციების ლოზუნგები ქალების, იმიგრანტების, ლგბტ თემის უფლებების დაცვას ეხება.
ვაშინგტონში ქალთა მარშში ათი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მსვლელობას ქალი კონგრესმენებიც შეუერთდნენ. ხალხმრავალი დემონსტრაციები გაიმართა ნიუ იორკში, კლივლენდში, რიჩმონდში, მილუოკიში, ოსტინში, სიეტლში, ლოს ანჯელესსა და სხვა ქალაქებში. ორგანიზატორებს აქციები 230 ქალაქში აქვთ დაგეგმილი.
გასულ წელს, ინაუგურაციის მეორე დღეს, ვაშინგტონში გამართულ ქალთა მარშში ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
აქციებს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ მუშაობის ერთი წლის შედეგად ბოლო 18 წლის განმავლობაში ქალთა შორის უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლს მიაღწია.
„შესანიშნავი ამინდია მთელ ქვეყანაში, მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ ქალები გავიდნენ მარშზე“, – დაწერა მან „ტვიტერში“.