დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საბრალდებო დასკვნა სენატს გადაეცა
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საბრალდებო დასკვნა სენატს გადაეცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საბრალდებო დასკვნა სენატს გადასცა. შესაბამის დოკუმენტს მანამდე წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ მოაწერა ხელი.

„დემოკრატიული პარტიის“ მიერ კონტროლირებად წარმომადგენელთა პალატაში გამართული კენჭისყრისას, საქმის სენატისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას 228 კანონმდებელმა მისცა ხმა, 193 კონგრესმენი წინააღმდეგი იყო.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ორ ბრალდებას შორის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და კონგრესში მიმდინარე გამოძიებისთვის ხელის შეშლაა.

კონგრესის ზედა პალატაში იმპიჩმენტის პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება.

დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მესამე პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც იმპიჩმენტის პროცესი განხორციელდება.

უკვე ცნობილია იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში შვიდი ბრალმდებლის ვინაობა. ისინი ნენსი პელოსიმ დაასახელა. ესენი არიან: წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჯეროლდ ნადლერი, ადმინისტრაციულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ზოი ლოფგრენი, ასევე კონგრესმენები ჰაკიმ ჯეფრისი, ვალ დემინგსი, ჯეისონ ქროუ და სილვია გარსია. ისინი სენატში იმპიჩმენტის პროცესზე წარმომადგენელთა პალატის ინტერესებს დაიცავენ.

როგორც ვარაუდობენ, სენატი, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ტრამპს გაამართლებს.

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატებმა 2019 წლის ბოლოს დაიწყეს. ოპონენტები ტრამპს უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ტრამპმა პოლიტიკური გავლენა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და ზელენსკის 2020 წელს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

თავად ტრამპი ბრალდებას უარყოფს და იმპიჩმენტის პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.