მეზობლები გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმასთან დაკავშირებულ დეტალებს იხსენებენ
დიღმის მასივის მე-5 კვარტალში მცხოვრებლები დღეს გუგეშაშვილების ოჯახზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალს იხსენებენ.
როგორც მეზობლები აცხადებენ, მათ ხმაური გაიგეს. ერთ-ერთი თვითმხილველი პირველ არხთან საუბრისას აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც დოდო გუგეშაშვილის ხმა გაიგო, დაინახა როგორ გარბოდა ახალგაზრდა მამაკაცი.
მისივე თქმით, “ახალგაზრდა მამაკაცს ხელში პარკი ეჭირა, პარკში კი თეთრი ფერის საგანი იდო”.
როგორც შემთხვევის ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება, სხვა დეტალებზე ვერავინ საუბრობს.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით ესროლეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
„დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა.
გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში“, – აცხადებენ შსს-ში.
ასევე, შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.