დოდო გუგეშაშვილის მეგობარი - დოდოს სავარაუდო დამნაშავის სახელი არ დაუსახელებია
დოდო გუგეშაშვილის მეგობარი აცხადებს, რომ კლინიკაში მიყვანამდე გუგეშაშვილს სავარაუდო დამნაშავის სახელი არ დაუსახელებია და ეს ინფორმაცია ჭორია. რაც შეეხება დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დავით მუხიგურის თქმით, ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
“მორიგე ექიმს ვესაუბრე მისი მდგომარეობის შესახებ. ჭრილობა მძიმეა, მთავარია აცდა არტერიას. ბოლომდე გონზე არ არის და როდესაც ფხიზლდება კითხულობს შვილის მდგომარეობის შესახებ. თუ მდგომარეობა არ გართულდა, იქნებ ხვალ გადაიყვანონ პალატაში. ჯერ მისი დაკითხვა არ შეიძლება. მადლობა მინდა გადავუხადო კლინიკას, წამიერად მოხდა რეაგირება. მეც გავიგე, თითქოს სასწაფოს ექიმს უთხრა ვინ იყო მკვლელი, მაგრამ ეს ასე არ არის. ვიცი, აქ რომ მოვიდა სამეგობროს უთხრა, ბიჭს მიმიხედეთო. თუ დოდოს ჯინი ჭირდათ, 25 წელი გავიდა. დოდოს არც დაცვა დაყვებოდა. სულ ერთად ვიყავით და ფეხით დადიოდა. ჭორი ბევრი ვრცელდება და იწერება. ოჯახი შესაძლოა იცნობდა სავარაუდო დამნაშავეს. დოდო უცხოს არ გაუღებდა კარს”, – აღნიშნა დავით მუხიგურმა.
დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.