დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ მისი მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურმა შეუკვეთა
თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი, არ გამორიცხავს, რომ მისი ვაჟის მკვლელობისა და მისი მკვლელობის მცდელობის შემკვეთი რუსეთის სპეცსამსახურია. ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილმა ადვოკატთან, გელა ნიკოლეიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც დოდო გუგეშაშვილმა აღნიშნა, როდესაც ის 2015-2017 წლებში მოფრინავდა უკრაინიდან, მისი ორივე ფრენა, საბუთებში დაფიქსირდა როგორც რუსეთის საზღვრის კვეთა. თუმცა რეალურად, მისივე თქმით, ორივე ფრენა უკრაინიდან, კერძოდ კი ბორისპოლის აეროპორტიდან განხორციელდა.
ამასთან, გუგეშაშვილის თქმით, კიდევ ერთი ინციდენტი უკავშირდება უკრაინიდან ფრენას, როდესაც ის თბილისის აეროპორტში დაახლოებით ხუთი საათით გაურკვეველი მიზეზით შეაყოვნეს.
როგოც გუგეშაშვილი აცხადებს, მან მოითხოვა შს მინისტრთან შეხვედრა, თუმცა შეხვდა მინისტრის მოადგილეს.
“მინისტრის მოადგილემ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ეს იყო გაუგებრობა და ტექნიკური ხარვეზი, რაც გასწორდა, ხოლო აეროპორტში შეყვანის მიზეზი უცნობია”, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
დღეს თადარიგის ოფიცერმა, კიდევ ერთ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატი და მიაწოდა ინფორმაცია, რომ გასულ წელს მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს დაუკვეთეს გუგეშაშვილის მკვლელობა ან მისი ორგანიზება.
მისი განმარტებით, პატიმართან მივიდა რუსი გენერლის მიერ გაგზავნილი შუამავალი, რომელმაც შესთავაზა, რომ ან თავად მოეკლა გუგეშაშვილი, ან ეპოვნა პირი, ვინც დაკვეთას შეასრულებდა.
გუგეშაშვილი და მისი ადვოკატი მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს, რომ დაინტერესდნენ და გამოიძიონ, ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტები საქართველოში, რუსეთის სპეც სამსახურების მიერ ჩანერგილი პირების მიზანმიმართულ ქმედებას.