ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფ შარაშიძესა და ვანო მერაბიშვილს შორის კონფლიქტი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდა
ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფ შარაშიძესა და ვანო მერაბიშვილს შორის კონფლიქტი ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდა

ვანო მერაბიშვილის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პოლიციის მთავარ სამმართველოში გიგიშა შარაშიძე რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

შარაშიძეს მომხდართან დაკავშირებით დეტალებზე არ უსაუბრია. მან მედიასთან განაცხადა, რომ კონფლიქტის დაწყების მიზეზზე თავად მერაბიშვილმა უნდა ისაუბროს.

„იმედი მაქვს, ეყოფა ვაჟკაცობა და იტყვის. მე დავიწყე დაპირისპირება, ფიზიკურად, ხელით. მიზეზზე უკვე გითხარით, თუ ეყოფა ვაჟკაცობა, გითხრათ, მე არ ვაპირებ“, – აღნიშნა გიგიშა შარაშიძემ.

გიგიშა შარაშიძის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, კონფლიქტის დაწყების მიზეზი გახდა ბუტა რობაქიძის საქმე. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ბუტა რობაქიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მეგობარი იყო და რობაქიძესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის რეაქციაზე გაღიზიანდა.

„აფთიაქში შესულმა გიორგი შარაშიძემ დაინახა ვანო მერაბიშვილი. დაახლოებით ოთხიდან ხუთ საათამდე პერიოდი იყო. ამ დროს ის ტელეფონზე ლაპარაკობდა. როცა დაასრულა საუბარი, ჰკითხა, ხარ თუ არა ვანო მერაბიშვილიო? კი, მე ვარო. შარაშიძემ უთხრა, ბუტა რობაქიძის მეგობარი ვარო, და როგორც თვითონ აღწერს, 9 წლის ასაკიდან ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა, განიცდიდა თუ არა რაიმე ადამიანურს მის ხსენებაზეო. როდესაც მერაბიშვილმა ძალიან აგდებულად მიპასუხა, რა დროს ბუტა რობაქიძეაო, ამან ჩემში გაღიზიანება გამოიწვია და რამდენჯერმე მოვუქნიე ხელიო. შარაშიძე ამბობს, ბოლოს, რომ გაიქცა, არ გადამიღობია გზა, მივეცი საშუალება, უბრალოდ, ფეხი მოვუქნიეო და როცა გავიდა, მეც გავედიო. იქვე, 20 მეტრში მანქანასთან იყო, არ გავკიდებივარ, მივაძახე შეურაცხმყოფელი სიტყვებიო. საპასუხო რეაქცია ვანო მერაბიშვილის მხრიდან არ ყოფილა, ხელის მოქნევის დროს ხელი აიფარაო“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.