ვატო შაქარიშვილი და გელა ნიკოლეიშვილი საგამოძიებო უწყებას მიმართავენ, ჟურნალისტის მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებითა და რესპონდენტის შანტაჟის სავარაუდო მცდელობით დაინტერესდეს
ვატო შაქარიშვილი და გელა ნიკოლეიშვილი საგამოძიებო უწყებას მიმართავენ, ჟურნალისტის მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებითა და რესპონდენტის შანტაჟის სავარაუდო მცდელობით დაინტერესდეს

ორგანიზაცია „აი ია“-ს დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი და უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ, ჟურნალისტის მხრიდან სავარაუდო პირადი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტაციის გავრცელებითა და რესპონდენტის შანტაჟის მცდელობით დაინტერესდეს.

კერძოდ, ვატო შაქარიშვილმა და გელა ნიკოლეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების გადაცემის ჟურნალისტი, ინტერვიუს ჩაწერისას რესპონდენტს სთხოვდა, გასცნობოდა მის ხელთ არსებულ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შემცველ დოკუმენტაციას. ვატო შაქარაშვილის განცხადებით, ჟურნალისტი რესპონდენტისგან სასურველი პასუხების მიღებას აღნიშნული დოკუმენტაციით შანტაჟით ცდილობდა.

„აი ია”-ს დამფუძნებლის განცხადებით, ჟურნალისტმა რესპონდენტს წერილობითი მასალა გადასცა, რის შემდეგაც რესპონდენტს თხოვდა აღნიშნული მასალა არ გაევრცელებინა, რადგან ის შეიცავდა სხვა პირების პირად ინფორმაციასაც.

ვატო შაქარიშვილის თქმით, აღნიშნულ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა და სატელეფონო მიმოწერების ე.წ. სქრინები არსებობს. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება ადამიანის უფლებებს ლახავს და დანაშაულს წარმოადგენს.

„ნოდარ მელაძის შაბათმა“, რომელიც ცნობილია ცრუ ინფორმაციების გავრცელებით, ადამიანების ცილისწამებით, კიდევ ერთი ეპიზოდი შემოგვთავაზა, როდესაც ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებლის, გია გაჩეჩილაძის შესახებ ამზადებდა ასევე თითიდან გამოწოვილ სიუჟეტს მისი და მისი ოჯახის დისკრედიტაციის მიზნით. ჟურნალისტმა მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო რესპონდენტისგან გიორგი შარაშიძისგან სასურველი პასუხები, განზრახ თუ გაუაზრებლად ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.

მთელი ინტერვიუს განმავლობაში ცდილობდა, მიეთითებინა რესპონდენტისთვის, რომ მის ხელთ არსებულ გარკვეულ დოკუმენტებში, რომელსაც ის უწოდებდა საიდუმლო ფაილებს, იყო გიორგი შარაშიძისა და სხვა საქმის ფიგურანტების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები და თხოვდა რესპონდენტს, ენახა ეს მასალები, გასცნობოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეგრძელებინა ჟურნალისტთან საუბარი, რაც იმას მიუთითებს, რომ ის ცდილობდა ამ ინფორმაციის ნახვის შემდეგ მისგან მიეღო სასურველი პასუხები ანუ მოეხდინა რესპონდენტის შანტაჟი. ეს არის უმძიმესი, უბინძურესი დანაშაული. როდესაც ჟურნალისტმა დაუშვა ეს შეცდომა, ჩაიდინა დანაშაული და გაავრცელა სხვისი პირადი ცხოვრების შემცევლი ინფორმაციები, მან დაიწყო შემდეგ ინტენსიური რეკვა რესპონდენტთან, ამბობდა, რომ მან შემთხვევით გადასცა მასალები და თხოვდა დაებრუნებინა. იმასაც კი სთავაზობდა, რომ თუ არ გათქვამდა მის დანაშაულს, ის არ გაუშვებდა სიუჟეტს. ცხადია, ამაზე მიიღო უარი. ჩვენ ეს დოკუმენტები, ფურცლები არც გვინახავს. მოვუწოდებდით რამდენიმე დღის განმავლობაში სამართალდამცავებს, დაელუქათ ეს დოკუმენტები, რადგან ის არის სიბინძურის შემცველი. ჩვენ ვაპირებთ ჩვენ თვითონ წარვადგინოთ ეს დოკუმენტები შესაბამის სტრუქტურებში“,- განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით უნდა დაიწყოს. მისივე განცხადებით, უნდა დადგინდეს დოკუმენტაციის ავთენტურობა და წყარო.