დმანისის შესასვლელთან საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დმანისის შესასვლელთან, სადაც სამართალდამცველებმა გზა დროებით გადაკეტეს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა.
დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.
დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ დაპირისპირება მოხდა. ინციდენტისას მაღაზიის მეპატრონე სცემეს, რომელსაც შემდეგ სამედიცინო დახმარება გაეწია. განადგურდა მაღაზიის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ გუშინ გაავრცელა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც მაღაზიასთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
მთელი ღამის განმავლობაში დმანისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობდა. დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით კი, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ამასთან, დმანისში დღეს ვითარება დილიდანვე დაიძაბა. ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, ვითარების განმუხტვას კი, სამართალდამცველები ცდილობდნენ. დმანისის შესასვლელთან მობილიზებული არიან საპოლიციო ძალები.
ადგილზე დღესვე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი.