ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე სასამართლო სხდომა იმართება
ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე სასამართლო სხდომა იმართება

ჟურნალისტი ვახო სანაია მისი თავდასხმის საქმეზე დაკავებული სამი პირის პროცესზე ჩვენებას მისცემს. სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულების საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია აცხადებს, რომ სასამართლოს დეტალურად აღუწერს 25 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს. სანაიას თქმით, მას ოჯახთან ერთად, მათ შორის მცირეწლოვან შვილთან ერთად თავს დაესხნენ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებები, როგორც ჟურნალისტი აცხადებს, არსებობს.

„ამ საქმეზე არსებობს ყველა მტკიცებულება, არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, არამედ ვიდეომასალა. ახალი ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან მედიის საშუალებით ამომწურავი ინფორმაცია მივეცი მოსახლეობას და მაყურებელს. მე ვისმენ ბოლო რამდენიმე თვეა ზღაპრებს დაცვის მხრიდან, მაგრამ ეს ბუნებრივია. ცდილობენ თავის დაცვას. აუცილებლად უნდა დადგეს ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგი. დანარჩენს, სასჯელის ზომაზე გადაწყვეტს მოსამართლე. მთავარია, ამ ადამიანებმა პასუხი აგონ და სამართლებრივ შედეგი დადგეს. ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტებს თავს ესხმიან, უნდა იყოს პრეცედენტი, რომ მსგავსი ქმედებებისგან ყველამ თავი შეიკავოს, რათა იცოდნენ, რომ პასუხს აგებენ. მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და თავდასხმა. ვითხოვდი წინასწარ პატიმრობას, რადგან ვამბობ, რომ სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს გამამტყუნებელი. როგორც ადამიანს, არავის ციხეში ჯდომა არ მიხარია, აზრად არ მომივიდოდა მათი პატიმრობა, დანაშაული რომ არ ყოფილიყო“, – განაცხადა ვახო სანაიამ.

თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს – სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს ამ დრომდე პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ისინი გამოძიებამ ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.