ჟოზეფ ბორელი - მივესალმები პოზიტიურ ნიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, დაეთანხმოს შარლ მიშელის წინადადებას, იმედი მაქვს, სხვა პარტიებიც გადადგამენ ნაბიჯს შეთანხმებისკენ
მივესალმები პოზიტიურ ნიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, დაეთანხმოს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ წინადადებას. იმედი მაქვს, სხვა პარტიებიც გადადგამენ ნაბიჯს შეთანხმებისკენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.
ბორელმა მოუწოდა პარტიებს, იპოვონ კომპრომისი, რათა ჩიხიდან გამოვიდნენ და საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული კონსოლიდაცია.
„პრეზიდენტ მიშელის სახელით ახალი წინადადება იყო წარმოდგენილი, რათა მონახულიყო გზა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს ჩვენ ახალი ამბები მივიღეთ. მივესალმები პოზიტიურ ნიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, დაეთანხმოს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ წინადადებას. იმედი მაქვს, რომ სხვა პარტიებიც გადადგამენ ნაბიჯს შეთანხმებისკენ. მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისი, რათა ჩიხიდან გამოსავალი ნაპოვნი იყოს და რათა საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული კონსოლიდაცია. იმედი მაქვს, დღის ბოლოს კარგ ამბებს გავიგებთ.
მივაწოდე ინფორმაცია მინისტრებს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ერთად, აშშ-თან კოორდინაციით და თბილისში ჩვენი დელეგაციის დახმარებით, პრეზიდენტ მიშელის ჩართულობით და საგარეო ქმედებათა სამსახურის მხარდაჭერით. წარმოვადგინეთ შეთავაზება, რომელსაც დაეთანხმა „ქართული ოცნება“ და დანარჩენ პარტიებთან მოლაპარაკებები გრძელდება, რათა შეთანხმება მიღწეული იყოს. ამის პერსპექტივა კარგია. თუმცა დისკუსია მინისტრებს შორის ამ საკითხზე არ გამართულა და მათ უბრალოდ მიიღეს ინფორმაცია ჩვენი სამუშაოს შესახებ. ვნახოთ, რა მოხდება დღის ბოლოს“, – განაცხადა ბორელმა.
„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილი განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად დღეს მზადყოფნა გამოთქვა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.
ამასთან, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.