ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვიდეოკონფერენცია გამართეს
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ანდრეი რუდენკოსთან ვიდეოკონფერენცია გამართეს. გავრცელებული ინფორმაციით, დისკუსიის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საერთაშორისო მედიატორების მხრიდან ბალანსირებული მიდგომის აუცილებლობაზე ისაუბრა. მხარეებმა განიხილეს სამომავლო ნაბიჯები, რაც დაძაბულობის დეესკალაციას ითვალისწინებს, მათ შორის საუბარი იყო ვიდეოხაზით ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შესაძლო შეხვედრებზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს კოლექტიური მედიაციის ძალისხმევის მზარდ საჭიროებას. კონტაქტები დისტანციური ფორმატით გაგრძელდება.
დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი ჩიჰან სულთანოღლუ და ეუთო-ს წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა.