ჟან-კლოდ იუნკერმა ტერეზა მეის მოუწოდა, საბოლოოდ გაარკვიოს თავისი პოზიცია „ბრექსითთან“ დაკავშირებით
ჟან-კლოდ იუნკერმა ტერეზა მეის მოუწოდა, საბოლოოდ გაარკვიოს თავისი პოზიცია „ბრექსითთან“ დაკავშირებით

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მოუწოდებს, საბოლოოდ გაარკვიოს თავისი პოზიცია „ბრექსითთან“ დაკავშირებით. ამის შესახებ იუნკერმა ეროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

სამიტზე მიგრაციის საკითხის გარდა, ბრექსითის საკითხიც განიხილება. ევროკომისიის პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს დიდ ბრიტანეთთან პროგრესის ნაკლებობის გამო.

„არ უნდა ვასწავლო ტერეზა მეის, თუმცა ვისურვებდი, რომ ჩვენმა ბრიტანელმა მეგობრებმა გაარკვიონ თავიანთი პოზიცია. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას გაყოფილი კაბინეტით. მათ უნდა თქვან, რა სურთ და ჩვენ ვუპასუხებთ. მზად ვართ სხვადასხვა სცენარისთვის, პარალელურად ვმუშაობთ იმ შემთხვევისთვის, თუ შეთანხმების მიღწევას ვერ შევძლებთ“,-აცხადებს იუნკერი.

ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ამ დრომდე არ არის მიღწეული შეთანხმება ევროპული საბაჟო კავშირისა და ირლანდიის საზღვრის საკითხებზე.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში ოფიციალურად უნდა დატოვოს, რის შემდეგაც 21-თვიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყება. ამ ხნის განმავლობაში, ლონდონი ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა ორგანიზაციის წესებს დაემორჩილება და საწევროს გადახდას გააგრძელებს, ასევე აღიარებს ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებებს.