იუნკერი შალვა ერისთავი - ეროვნული გმირი და „შევარდენის“ ფეხბურთელი #1TVSPORT
იუნკერი შალვა ერისთავი - ეროვნული გმირი და „შევარდენის“ ფეხბურთელი #1TVSPORT

ჩვენი პირველი რესპუბლიკის არსებობის ხანმოკლე, მაგრამ დრამატულ და ეპოქალური მოვლენებით სავსე პერიოდში ქართულ სპორტს გამორჩეული ადგილი უჭირავს. კონსტიტუციის,  ჯარის, უნივერსიტეტისა და სხვა უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციების პარალელურად, თითქოს თავიდან იბადებოდა ქართული სპორტი, რომელიც ახალ ეპოქაში, ახალი სახელმწიფოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი ხიდი უნდა გამხდარიყო. ამ საქმეშიც გამორჩეული როლი ნიკოლაძეების დიდმა ოჯახმა შეასრულა.

სწორედ ამ პერიოდში, როცა მსოფლიო სპორტს „ინგლისელთა თამაში“ იპყრობდა, უძველესი ქართული საფეხბურთო კლუბის, „შევარდენის“ ნამდვილი ვარსკვლავი შალვა ერისთავი იყო. მისი, როგორც ძალიან ტექნიკური და საოცრად სწრაფი სპორტსმენის სახელი თბილისსა და მთელ საქართველოში კარგად იყო ცნობილი. რადენიმე წლის შემდეგ კი სხვა იუნკრებთან ერთად შალვა ერისთავი საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირება, საბჭოთა ტერორი მისი სახელის ხსენებას აკრძალავას და მერეც, დამოუკიდებლობის მეორედ მოპოვების შემდეგ, თითქოს ინერციით, იშვითად გაახსენდებათ.

შალვა ერისთავმა ბავშვობა გაატარა ახალგორში,  ქსნის ერისთავთა რეზიდენციაში (რომელიც ახლა ოკუპირებულია).  საქართველოს ეროვნული გმირებისა და წმინდანებად შერაცხული შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების პირდაპირი შთამომავალი იზრდებოდა ოჯახში, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, ვალერიან გუნია და სხვა დიდი საზოგადო მოღვაწეები. როგორც ცნობილია, შალვა ერისთავის მეგობარი თანაგუნდელი იყო პავლე რაზიკაშვილი, ვაჟა ფშაველას ძმის, თედო რაზიკაშვილის ვაჟი.

 

შალვა ერისთავი სპორტთან ერთად სამხედრო კარიერასაც იწყებდა და იუნკერთა სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო. 1921 წლის თებერვალში, როცა კოჯორსა და ტაბახმელასთან იუნკრები მე-11 წითელ არმიას ებრძოდნენ, შალვა ერისთავიც ფრონტის წინა ხაზზე წავიდა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ტალანტი და უჩვეულო სისწრაფე სპორტული მოედნის ნაცვლად, უკვე ბრძოლის ველზე გამოჩნდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ: „გადამწყვეტი ბრძოლები თბილისის თავდაცვის ყველა სექტორში, მათ შორის ტაბახმელას მონაკვეთზე, 24 თებერვალს გაიმართა. თბილისის თავდაცვის ამ მონაკვეთზე, განსაკუთრებულ სტრატეგიულ წერტილს სიმაღლე 1046, იგივე სანგარი N4 წარმოადგენდა. დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ N4 სანგარზე რამდენიმე იერიში მიიტანა და ნაშუადღევს, ამ მონაკვეთზე, არმიის პირველი ათასეულის ასეულის თავდაცვითი ხაზი გაარღვია. მოწინააღმდეგემ სანგრის სამივე ზოლი დაიკავა და სანგრის უკან განლაგებულ ლეიტენანტ მესხიშვილის საარტილერიო ბატარეასთან გავიდა. არტილერისტები ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ. ამ დროს, სანგრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, იუნკერთა სამი ოცეული ისვენებდა. პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ იუნკერთა სამი ოცეული, ოფიცრების – შავდიას, ხოშტარიას და ჩაჩუას მეთაურობით არტილერისტების დასახმარებლად და მე-4 სანგრის დასაბრუნებლად დაძრა. იუნკრებმა მოწინააღმდეგეს უკან დაახევინეს, თუმცა სანგრის დაბრუნება გართულდა, რადგან მოწინააღმდეგე სიმაღლეზე „მაქსიმის“ ტყვიამფრქვევით გამაგრდა და მოშიშვლებულ ველზე, იუნკრებს კონტრშეტევის საშუალებას არ აძლევდა.

შალვა ერისთავმა, რომელიც სამხედრო სკოლაში სწავლის დაწყებამდე თბილისში განთქმული ფეხბურთელი და მორბენალი იყო, ტყვიამფრქვევამდე არსებული მანძილი სწრაფად გაირბინა, ხიშტით განგმირა მემიზნე და საკუთარი სიცოცხლის ფასად საცეცხლე პოზიცია გააუვნებელყო, რითაც თანამებრძოლებს საშუალება მისცა კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინათ. კონტრშეტევას მის გარდა ორი იუნკერი, ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი შეეწირა.  დაიჭრა სამი ოფიცერი და 15 იუნკერი“.

მოგვიანებით, გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე მოიგონებს: „ამ ბრძოლაში იუნკრების რაინდობისა და დიადი სილამაზის სამარადისო სიმბოლურ სურათად დარჩება, ტყვიამფრქვევზე მწოლიარე, განგმირული შალვა ერისთავი“.

დატოვე კომენტარი