39 წლის ოდიკაძემ საოცარი შედეგიანობა აჩვენა
39 წლის ოდიკაძემ საოცარი შედეგიანობა აჩვენა

თბილისის „შევარდენმა“ ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა. მე-17 ტურში „იუნკერებმა“ მეორეადგილოსანი წყალტუბოს „სამგურალი” 2:1 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, ის რომ თბილისელები 24-ე წუთიდან მოედანზე 10 კაცით დარჩნენ და მეტოქის დამარცხება მაინც შეძლეს.

მთავარი ისაა, რომ გუნდმა გასავარდნ ზონას თავი დააღწია და მე-6 ადგილზე დაწინაურდა. თანაც, კიდევ ორი შეხვედრა აქვს გასამართი, ხოლო მის კონკურენტებს – მხოლოდ თითო-თითო.

ბოლო შეხვედრები მაღალ დონეზე ჩაატარა „შევარდენის“ ვეტერანმა კაპიტანმა დავით ოდიკაძემ და შესანიშნავი შედეგიანობა აჩვენა. მან უკანასკნელ 3 შეხვედრაში, 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბოლო ტურში ერთ-ერთ ლიდერ „სამგურალს“ საჯარიმოდან მშვენიერი გოლი გაუტანა.

ოდიკაძე 39 წლისაა – პროფესიული კარიერა 24 წლის წინ, 1996 წელს თბილისის თსუ-ში დაიწყო. სულ 14 კლუბში ითამაშა – იყო თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, უთამაშია უცხოეთში – უკრაინულ დონეცკის „მეტალურგში“, უნგრულ „დიორ ეტოსა“ და აზერბაიჯანულ ბაქოს „ინტერში“, საქართველოს ნაკრებში კი 2005–2009 წლებში გამოდიოდა და მისი ფორმა 14-ჯერ მოირგო.

ოდიკაძე ერთ-ერთი ყველაზე ასაკიანი მოთამაშეა, ვინც მიმდინარე სეზონში გაიტანა. ყველაზე უფროსი ასაკის მოთამაშე, რომელმაც ანგარიშზე გოლი ჩაიწერა, თბილისის „მერანის“ ნახევარმცველი, 40 წლის დავით ბოლქვაძეა, რომელმაც ბოლო ტურში თავი „ჩიხურასთან“ გამოიჩინა.

„იუნკერები“ მორიგ შეხვედრას 4 დეკემბერს უშუალო კონკურენტთან, ზუგდიდის „დინამოსთან“ გამართავენ და ფრეს შემთხვევაში, ლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ.