„ფიქრში სამშობლო, გულში სიმარდე და მკლავში ძალა“ - „შევარდენმა“ 1921 წლის 26 მაისს ზეიმზე 916 სპორტსმენი გაიყვანა #1TVSPORT
„ფიქრში სამშობლო, გულში სიმარდე და მკლავში ძალა“ - „შევარდენმა“ 1921 წლის 26 მაისს ზეიმზე 916 სპორტსმენი გაიყვანა #1TVSPORT

1918 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამიოდე თვეში შეიქმნა საქართველოში ტანვარჯიშის მოყვარულთა საზოგადოება „შევარდენი“. ეს მხოლოდ სპორტის მოყვარულთა საზოგადოება არ იყო – ჩამოყალიბებისთანავე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი (26 მაისისადმი) მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდა:

1919 წელს ვაკის სტადიონზე 281 მოვარჯიშე გაიყვანა;

1920 წელს ამგვარ ზეიმში „შევარდენის“ 507 წევრი და 2814 მოხალისე ჩაერთო;

1921 წელს, გასაბჭოების მიუხედავად, საზოგადოებამ 26 მაისი მაინც იდღესასწაულა (ვარჯიშში 916 წევრი მონაწილეობდა), რამაც ერთგვარად დააჩქარა კიდეც ამ ორგანიზაციის ლიკვიდაცია.

გასაბჭოების შემდეგ სპორტსაზოგადოება „შევარდენი“ ანტისახელმწიფოებრივ გაერთიანებად მიიჩნიეს, რადგან მის წევრებს პატრიოტულ სულისკვეთებასთან ერთად წინამორბედი სასპორტო საზოგადოება „სოკოლისგან“ დევიზად გადმოჰყვათ „ფიქრში სამშობლო, გულში სიმარდე და მკლავში – ძალა“.

1922 წლის 3 ნოემბრის საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით გააუქმეს.

1920 წელს სპორტის მოყვარულთა საზოგადოების ინიციატივით გამოიცა პერიოდული ორგანო „შევარდენი“, რომლის სულ ოთხი ნომერი გამოვიდა. 1922 წლის ბოლო ნომერში საინტერესო პუბლიკაცია გამოქვეყნდა, რომლის სათაურია „ფეხბურთი ტფილისში“. სტილი დაცულია:

„ვინც ერთხელ ჩაებმება ფეხბურთის თამაშობაში, ის ძნელად სტოვებს მას. იმდენად მიმზიდველია იგი როგორც თავის შეჯიბრებითი ხასიათით, აგრეთვე იმ სიამოვნებით, რომელსაც გრძნობს ადამიანი კუნთების გაშლა-გამოშლის და სისხლის აჩქარებული მოძრაობით მთელს სხეულში.

დასავლეთ ევროპაში ყველას იტაცებს ეს თამაშობა: ქალი, კაცი, ახალგაზრდა თუ ხანშესული – ყველა თამაშობს ფეხბურთს. ჩვენში კი ეკონომიკური კრიზისების გამო ვერავინ შოულობს თავისუფალ დროს ფეხბურთისთვის და ეს გასართობიც, განსაკუთრებით მოზარდებისა, ვერ აღწევს თავისთვის დიდს გასაქანს – ყველანი თავის ფიზიკური არსებობისთვის მატერიალურ პირობათა გაუმჯობესებაში არიან გართულნი.

სწორედ ამიტომ, პროვინციაში, სადაც ცხოვრების პირობები უკეთესია, უფრო მაგარ ნიადაგზე სდგას ფეხბურთი, ვიდრე ტფილისში. აქ ვერ შესდგა ორი ისეთი გუნდი, რომ ერთმანეთს შეჯიბრებოდა და ამით თამაშობის ხარისხი გაეუმჯობესებინა. მთელი შემოდგომა და ზამთარიც თითქმის გასულია, მარტო სამი შეჯიბრება ჰქონდა ტფილისის შევარდენის ფეხბურთის გუნდს, სამივე რუსეთიდან ჩამოსულ გუნდებთან.

პირველად გვეწვივნენ კავკავის ფეხბურთელები სრულიად მოულოდნელად, მაგრამ გუნდი მაინც ერთ დღეში შეგროვილ იქმნა და შეჯიბრებაც გაიმართა „I შევარდენის“ მინდორზე. ვერც ერთ გუნდმა ვერ გაიმარჯვა და გათავდა შედეგით 1:1-ზე.

მეორე გუნდი კისლოვოდსკიდან გვესტუმრა, აქ კი იღბალმა გვიღალატა: თვით შეჯიბრების დღეს გუნდის უფროსს მოუკვდა მამა და ორი მოთამაშე კი, ავად გახდა. მაგრამ ფეხბურთელთა კანონებით შეჯიბრების გადადება არავითარ მიზეზით არ შეიძლება და შეჯიბრებაც შესდგა სუსტ მოთამაშეთა დამატებით ჩვენს მხრივ. ამას მიემეტა მეტად უხეში თამაშობა ჩვენს მოწინააღმდეგეთა და შედეგიც ჩვენი დამარცხება 0:3-ით.

მესამე შეჯიბრება ტფილისში დაბანაკებულ ერთ-ერთ რუსულ პოლკის გუნდთან მოგვიხდა. ცუდი ამინდების გამო დიდი ხანი არ გვქონია წურთნა. უცბად, მშვენიერი მზიანი კვირა დადგა და ჩვენც ვესტუმრეთ ყოფილ სასულიერო სემინარიაში დაბანაკებულ ჩვენს მოწინააღმდეგეს. რადგან ყველას შეტყობინება ვერ მოხერხდა, მეორე გუნდის მოთამაშენიც იღებდნენ მონაწილეობას. მაინც, მოწინააღმდეგეს, ჩვენზე მეტად ღონიერს ადვილად გავუძელით და 0:0 გავათავეთ შეჯიბრება.

აქვე აღვნიშნავ მასპინძელთა დიდს ყურადღებას ჩვენდამი. შეჯიბრების შემდეგ ორივე გუნდი ერთად იღებს ფოტოგრაფიულ სურათს, შემდეგ კი საუზმით გვიმასპინძლდებიან.

ფეხბურთი ზამთარში იშვიათია, მაგრამ საქართველოში თბილ ჰავის გამო ხან და ხან შესაძლებელია ზამთარშიც თამაშობა, რეგულარულ წურთნათა გამართვა კი შეუძლებელია. იმედია, ზაფხული უფრო კარგ შედეგებს მოგვცემს, როდესაც შესაძლებელი იქნება ტფილისის ორივ გუნდს შორის შეჯიბრების გამართვა, მეტი გაწვრთნა და შემდეგ საქართველოს ყველა კუთხეში წასვლა შეჯიბრებების გამართვისთვის.

ამ შეჯიბრებას ექმნება დიდი მნიშვნელობა, რადგან ბევრს მაყურებელს გაუღვიძებს სურვილს თვითონაც მიიღოს მონაწილეობა თამაშობაში, რაც მეტ ახალგაზრდობას გაჯანსაღების გზაზე დააყენებს და მასთანვე უბრალო ხეტიალსაც გადააჩვევს.“