ლეგენდები | ილია დათუნაშვილი - ჩემპიონთა თასზე საბჭოეთიდან პირველად „დინამოს“ უნდა ეთამაშა, მაგრამ დაგვიმალეს [ვიდეო] #1TVSPORT
ლეგენდები | ილია დათუნაშვილი - ჩემპიონთა თასზე საბჭოეთიდან პირველად „დინამოს“ უნდა ეთამაშა, მაგრამ დაგვიმალეს [ვიდეო] #1TVSPORT

84 წლის ასაკში, ქართული ფეხბურთისა და თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი, ტაშკენტის საჩემპიონო მატჩის გმირი, ილია დათუნაშვილი გარდაიცვალა.

ბათუმში დაბადებული ჯერ ლანჩხუთის „კოლმეურნეში“ თამაშობდა, შემდეგ კი ქუთაისის „ლოკომოტივში” ანდრო ჟორდანიასთან. რეკომენდაცია ლევან ჟორდანიამ გაუწია – ასე დაიწყო კარიერა დიდი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. 1958 წლის ბოლოს ჟორდანია „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს და დათუნაშვილიც წაიყვანა.

 

შეცდომით მიღებული ახალი გვარი

„ერთმა შეცდომამ საქართველოს ჩემი თავი არასწორად გააცნო. ყველაფერი სტადიონისა და ტელევიზიის კომენტატორების შეცდომით დაიწყო, რომლებიც ჩემს გვარს არასწორად აცხადებდნენ.

პასპორტი რომ გამომიცვალეს, მივედი და ვხედავ, იქაც შეცდომით წერია – დათუნაშვილი. ვკითხე, ქალბატონო, დათუნაიშვილი ვარ-მეთქი. შეიცხადა, სტადიონზეც და ტელევიზიით ყველა დათუნაშვილს აცხადებს და მეც დაუფიქრებლად დავწერეო. მერე აღარც გამომისწორებია, მაგრამ შეცდომამ ახალ გვარს დაუდო სათავე“, – იხსენებდა ილია დათუნაშვილი.

 

პირველი ჩემპიონობა

1966 წელს ილია დათუნაშვილი 20 გოლით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. მიუხედავად წარმატებული თამაშისა, თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი საბჭოთა კავშირის ნაკრებში ერთხელაც არ მიუწვევიათ. იგი იმ ფეხბურთელების კატეგორიას მიეკუთვნება, ქართველ გულშემატკივარს გამორჩეულად რომ უყვარდა.

დათუნაშვილმა ქომაგი „ოქროს მატჩშიც“ გაახარა, როდესაც მოსკოვის „ტორპედოსთან“ დუბლი შეასრულა და უდიდესი როლი ითამაშა, „დინამო“ოქროს მედლებს პირველად რომ დაეუფლა.

ამასთან დაკავშირებით ილია დათუნაშვილი იხსენებდა:

„ბორის პაიჭაძისგან და ბასა ღოღობერიძისგან ვიცოდით, რომ საქართველო ხშირად იჩაგრებოდა. 1953 წელს გუნდი ჩემპიონობასთან ფეხის ნაბიჯზე იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ბრძოლის შანსი წაართვეს. 1964 წელს კი, თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ თანაბარი ქულები დავაგროვეთ და „ოქროს მატჩში“ მონაწილეობით ჩემპიონობის მოპოვების რეალური შანსი პირველად გაგვიჩნდა. ანგარიში მოსკოველებმა გახსნეს, მერე მე გავათანაბრე და დამატებით დროში „დინამო“ დავაწინაურე (2:1), მესხმა და მეტრეველმა ივაჟკაცეს, 4:1 მოვიგეთ და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გავხდით“.

 

კუთხურიდან გატანილი გოლი

მან ტაშკენტში ერთ-ერთი გოლი კუთხურიდან ჩაახვია. ეს ისტორია ცნობილ ჟურნალისტ მამუკა კვარაცხელიასთან ინტერვიუში გაიხსენა:

„1962 წელს კიევში „დინამოსთან“ 1:1 ვითამაშეთ, ლობანოვსკის კუთხურსაც მაშინ დავაკვირდი და არ მასვენებდა, დიდებულად აწვდიდა, საჯარიმო დარტყმაზე მაგრად. ეს ადრე ლანჩხუთში რამდენჯერმე გამომივიდა, შემთხვევას მივაწერე, აღარც გამიმეორებია, მერე „დინამოში“ ვარჯიშების მერე ვრჩებოდი და მინიმუმ 50 კუთხურს ვაწვდიდი… ოთხმოციც ჩამიწოდებია

ტაშკენტში უკვე მეშვიდე კუთხურს ვაწვდით: ჯერ ორი წინა ძელთან ჩავახვიე, შაპოვალენკომ ორივე კუთხურზე გადააგდო, მესამედ ბურთი კუთხურის ალმიდან ნახევარი მეტრით წინ გავწიე და რომ გამოვექანე-ეგონა ისევ წინა ძელთან ვახვევდი და წინ გამოიქცა, მე კი შორეულ ძელთან გავუშვი და ანგარიში გავათანაბრე“.

ჩემპიონთა ლიგაზე არ გაგვიშვეს

დათუნაშვილი იხსენებდა უცნობ ისტორიას, როგორ არ მისცა საბჭოთა კავშირმა თბილისის „დინამოს“ შანსი, ყოფილიყო ევროტურნირზე საბჭოთა კავშირის პირველი წარმომადგენელი:

„მანამდე სსრკ-ის გუნდები ევროპულ გათამაშებაში არ მონაწილეობდნენ. ჩემპიონთა თასზე საბჭოთა კავშირიდან პირველად თბილისის „დინამოს“ უნდა ეთამაშა, მაგრამ დაგვიმალეს. ეს ამბავი გავრილ კაჩალინისგან შევიტყვეთ. კულტურული კაცი გახლდათ და გინება არ იცოდა.

1965 წლის დასაწყისში, სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით მოსკოვში, საკავშირო ფედერაციაში იმყოფებოდა. თბილისში დაბრუნებული აღშფოთებული იყო და თავად რუსი, თავისიანებს აგინებოდა... შოთა იამანიძემ ჰკითხა, გავრილ დმიტრიჩ, ასე რამ გაგამწარაო.

თურმე, საკავშირო ფედერაციაში ნაცნობს გაუმხელია – არსებობდა სპორტკომიტეტის დადგენილება, რომ ჩემპიონთა თასზე საბჭოთა კავშირის ჩემპიონს პირველად 1964 წლის უნდა ეთამაშა, მაგრამ გეგმა იმან არია, რომ ოქროს მედლებს საქართველოს გუნდი დაეუფლა და ეტყობა, იფიქრეს, ისტორიაში რაღა ქართველები ჩავწეროთო და არ გვითხრეს.

არადა, რა ფეხბურთელები გვყავდა – კოტრიკაძე, ძმები სიჭინავები, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი, რეხვიაშვილი, პეტრიაშვილი, ხურცილავა, მესხი, მეტრეველი, იამანიძე, ბარქაია – არ ვაჭარბებ, თითოეული ვარსკვლავი იყო და თავს ნამდვილად არ შევირცხვენდით.

კაჩალინმა ჩვენზე მეტი იცოდა და ტყუილად არ იგინებოდა. თუმცა, მაინც გაგვიმართლა, რადგან „ოქროს მატჩამდე“ ერთი თვით ადრე ხელისუფლებას კომპარტიის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი ჩამოაშორეს. სტალინის გამო, მას ქართველები სძულდა და პოსტზე რომ ყოფილიყო, „ოქროს მატჩზე“ ლატვიელ მსაჯს, რუბენისს არ დანიშნავდნენ და ჩემპიონები ვერ გავხდებოდით.

რუბენისი მაინც დასაჯეს და ხუთი წელი „ა“ კლასში ლიგაში მსაჯობა აუკრძალეს – თბილისის „დინამოს“ როგორ მოაგებინეო! სხვათა შორის, 1966 წელს 20 გოლით ბომბარდირი გავხდი და საუკეთესო თავდამსხმელებში მე-2 ადგილზე დამასახელეს. აბა, შოვინიზმი სხვა რა არის?!“

 

რეკორდი „არარატთან“

1938 წელს ევგენი შელაგინმა სსრკ-ის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა – ერთ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. ეს შედეგი მხოლოდ 28 წლის შემდეგ, 1966 წელს განმეორდა – ერევანში „არარატთან“ მატჩში თავი ილია დათუნაშვილმა გამოიჩინა. ტაშკენტის „ოქროს მატჩი“ და „არარატთან“ მოგება ის ორი შეხვედრაა, რომელიც ილია დათუნაშვილის სავიზიტო ბარათი გახდა.

ქართული ფეხბურთის ლეგენდა „არარატის“ კარში გატანილ ხუთ გოლს ხალისით იხსენებდა:

„სომხებთან ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. მაგრამ დაძაბული თამაშები გამოდიოდა. სომეხი ფეხბურთელები შემოგვჩივლებდნენ ხოლმე, მატჩამდე კომპარტიის ხელმძღვანელები გვიბარებენ, ოღონდ, ქართველებს მოუგეთ და თუ გინდათ, დანარჩენი წააგეთ, არაფერს გეტყვითო.

1966 წლის 22 სექტემბერს, ერევანის „არარატი“ თბილისში მივიღეთ. მშვენიერი ამინდი იყო, სტადიონი შეივსო და კარგ ფორმაში ვიყავი. ისე მოხდა, რომ ანგარიში მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე გავხსენი და 27 წუთში ხუთი გოლი გავიტანე. გასახდელში შემომივარდნენ, სასწრაფოდ გადაიცვი, შევარდნაძე მოდისო – ამ დროს, შსს-ს მინისტრი იყო, მომილოცა და თანაშემწეს გაეხუმრა, სასწრაფოდ ილიას სახლთან ჯგუფი გაუშვი, რამე არ დაუშავონო“.

 

სურათი ტირში

„დინამოს” ლეგენდა ამ შეხვედრასთან დაკავშირებულ იუმორისტულ ეპიზოდებსაც ყვებოდა:

„ამ მატჩამდე „არარატმა“ ერევანში 1:0 მოგვიგო და ერევანი-თბილისის მატარებლით რომ წამოვედით, ჩვენს ვაგონზე ანგარიში დააწერეს. ჩვენმა გულშემატკივრებმა ამ მატჩის შემდეგ თბილისი-ერევნის მატარებელს ზეთის საღებავით მიაწერეს „დათუნაშვილი – არარატი 5:0“. ერთხელ მეზობლის, ძმამ გია ზენაიშვილმა მითხრა, ლენინაკანში ტირში საკუთარი თვალით ვნახე, რომ სამიზნედ შენი სურათი ეკიდათო“.


ილია დათუნაშვილი


დაიბადა: 1937 წლის 1 სექტემბერს ბათუმში

გარდაიცვალა: 2022 წლის 11 თებერვალს თბილისში (84 წლის)

სიმაღლე: 172 სმ

პოზიცია: თავდამსხმელი

პროფესიული კარიერა

1954-1957 ლანჩხუთის „კოლმეურნე“

1957–1958 ქუთაისის “ლოკომოტივი“

1959–1968 თბილისის “დინამო” 199 (46 გოლი)

ტიტულები

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1964

საბჭოთა კავშირის მესამეადგილოსანი: 1962, 1967

პირადი მიღწევები

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბომბარდირი: 1966 (20 გოლი)

სეზონის 33 საუკეთესო მოთამაშეთა სიაში (2-ჯერ): 1964, 1966