დიდი ბრძოლით მოპოვებული ოქრო - 18 ნოემბერს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა [ვიდეო] #TVSPORT

ქართული ფეხბურთისთვის 18 ნოემბერი გამორჩეული დღეა – 1964 წელს, თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა და საქართველოს პირველი დიდი გამარჯვება მოუტანა.

 

წართმეული შანსი

პირველად „დინამოს“ ამის შანსი 1953 წლის ჩემპიონატში ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ ეტაპზე გასაოცარი ამბავი მოხდა. 1953 წლის 4 სექტემბერს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მატჩი გაიმართა, რომლის ანალოგიც საფეხბურთო ისტორიებში ძნელად თუ მოიძებნება.

4 სექტემბერს თბილისელებს მოსკოვში, „ტორპედოს“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ. შეხვედრამდე სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურებოდა:

დინამო (თბ) 19 თამაში 27 ქულა
სპარტაკი 18 27
დინამო (მ) 18 22
ზენიტი 19 21
ტორპედო 18 21

ტორპედოელებთან გამარჯვების შემთხვევაში, „დინამოს“ 20 მატჩში 29 ქულა უგროვდებოდა (მაშინ მოგებაზე 2 ქულა იწერებოდა). მეოთხეადგილოსანმა „ზენიტმა“ კი ჩემპიონობაზე დაგეშილი მოსკოვის „სპარტაკი“ დაამარცხა. „ოქროს მატჩში“ მონაწილეობისთვის „სპარტაკს“ ბოლო ტურში კუიბიშეველებთან გამარჯვება სჭირდებოდა.

4 სექტემბერს თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის „ტორპედოს“ მატჩში ჩვენმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა. მაგრამ თამაშის ბოლოსკენ ტრიბუნებიდან ანტიქართული, შეურაცხმყოფელი შეძახილები დაიწყო. მსაჯს ესროდნენ ქვებს და ბოთლებს. ფინალური სასტვენის შემდეგ რამდენიმე ასეული მაყურებელი მინდორზე შეიჭრა. მოთამაშეებმა და მსაჯებმა თავი გასახდელს შეაფარეს. მილიციამ ადვილად აღკვეთა ხულიგანი გულშემატკივრების მცდელობა, შეეღწიათ თბილისელთა გასახდელში. როცა ვითარება დაწყნარდა, კაპიტნებმა, მწვრთნელებმა და მთავარმა მსაჯმა მატჩის ოქმი შეავსეს, ხელი მოაწერეს და სტადიონი დატოვეს. „დინამო“ 4 სექტემბრის მატჩით ჩემპიონი ვერ ხდებოდა, მაგრამ „ოქროს მატჩში“ მონაწილეობას ინაღდებდა. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მოსკოველებმა შეხვედრა გააპროტესტეს და გადაათამაშეს, რომელიც „ტორპედომ“ 4:1 მოიგო და საჩემპიონო შანსი დაიკარგა.

 

„მკვლელობა პეტროვსკის პარკში“, ანუ რა იყო დიდი უსამართლობა

აი, რას ჰყვება „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი მიხეილ იაკუშინი, რომელიც იმ სეზონში თბილისიდან მოსკოვის „დინამოში“ გადაიყვანეს.

„გადამწყვეტ მატჩს მაყურებლის როლში ვადევნებდი თვალს. თბილისელებმა სუფთად და სამართლიანად მოიგეს. თამაშის ბოლოს მოედანზე გამოცვივდნენ ხულიგნები, რომლებიც მსაჯების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, შეაღწიეს ტრიბუნის ქვეშ მდებარე შენობაში და იქაც უწესოდ იქცეოდნენ. როგორც წესი, ამის გამო წაგებას მასპინძელ გუნდს ჩაუთვლიდნენ, მაგრამ, მოულოდნელად, გამოაჩინეს „ტორპედოს“ „პროტესტი“, ვითომდა – მსაჯების მიერ დაშვებული შეცდომების გამო. წესით, ეს საკითხი არც უნდა განხილულიყო, მაგრამ მაინც მატჩის გადათამაშება გადაწყვიტეს. ეს დიდი უსამართლობა იყო“, – იხსენებდა მიხეილ იაკუშინი.

ყველაზე სკანდალური საბჭოთა მატჩი ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა ასე აღწერა – „მკვლელობა პეტროვსკის პარკში“ (მოსკოვის „დინამოს“ სტადიონი პეტროვსკის პარკში მდებარეობს – რედ.), რომლის ანალოგიც საბჭოთა ფეხბურთს არ ხსოვს“.

იგივე ჟურნალისტი წერდა: „საბჭოთა ხელისუფლებას არ სურდა, სტალინის გარდაცვალების წელს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ გამხდარიყო, რადგან ქართული ნაციონალიზმის გამოვლენის ეშინოდა. ამიტომ „ზემოთ“ გადაწყვიტეს, სანამ გვიან არ იყო, საქმეში თავად ჩარეულიყვნენ“.

 

პირველი ზეიმი

1964 წელს „დინამოს“ ხელი ვეღარ შეუშალეს. „ოქროს ბიჭებმა“ რეგულარულ ჩემპიონატში, ისევე როგორც მოსკოვის „ტორპედომ“, 46-46 ქულა დააგროვეს და ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა (ოქროს მატჩი) ტაშკენტში გაიმართა. 57 წლის წინ ჩატარებული მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ნახევრის დებიუტში კი ანგარიში მოსკოველმა ვლადიმერ შერბაკოვმა გახსნა.

თუმცა შემდეგ დაიწყო „დინამო შოუ“ – შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, ილია დათუნაშვილმა კუთხურიდან ჩაახვია და ეფექტური გოლით შეხვედრის ძირითადი დროც 1:1 დაასრულა. დამატებით პირველ ტაიმში ილია დათუნაშვილის და მიხეილ მესხის გოლებმა, ფაქტობრივად, გადაწყვიტეს ჩემპიონის ვინაობა. დამატებითი დროის მეორე ტაიმში მოსკოველთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სლავა მეტრეველმა უნაკლოდ შეასრულა. „დინამომ“ 4:1 გაიმარჯვა და სსრკ-ს ჩემპიონატის ოქროს მედლები პირველად მოიპოვა.

„ოქროს მატჩში“ „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. მთავარი მწვრთნელი – გავრილ კაჩალინი გახლდათ, გუნდის უფროსი კი – ავთანდილ ღოღობერიძე.

 

დამთხვევები

საოცარი დამთხვევის წყალობით, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში პირველ „ოქროს მატჩში“ ერთმანეთს სწორედ „დინამო“ და „ტორპედო“ შეხვდნენ და თბილისელებმა მოსკოველებს „ვალი დაუბრუნეს“ და იმავე ანგარიშით გაიმარჯვეს (4:1), რა ანგარიშითაც 11 წლის წინანდელ უსამართლო მატჩში დამარცხდნენ.