გურამ მინაშვილი, პირველი ქართველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა - სპორტულ ბრძოლაში დავამარცხეთ აშშ, ბრაზილია, მაგრამ ჩემპიონობა პოლიტიკამ დაგვაკარგვინა #1TVSPORT
გურამ მინაშვილი, პირველი ქართველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა - სპორტულ ბრძოლაში დავამარცხეთ აშშ, ბრაზილია, მაგრამ ჩემპიონობა პოლიტიკამ დაგვაკარგვინა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა, ქართველი კალათბურთელებისთვის მუნდიალი უცხო სულაც არ არის.

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატები 1950 წლიდან იმართება. პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ საკანდელიძეა (1967), თუმცა გურამ მინაშვილსა და გურამ აბაშიძესაც აქვთ მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქროს მედლები, რომლებიც საბჭოთა მთავრობამ მათ 1959 წელს, ჩილეს მუნდიალიდან დაბრუნების შემდეგ გადასცა.

რატომ საბჭოთა მთავრობამ? ამას ლეგენდარული გურამ მინაშვილის მონათხრობიდან შეიტყობთ:

„1959 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ღია ცის ქვეშ, ჩილეს ნაციონალურ სტადიონზე ვითამაშეთ, რომელიც სპეციალურად 1962 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისთვის აშენდა, მოგვიანებით კი პრეზიდენტმა პინოჩეტმა სატუსაღოდ გადააქცია.

დავამარცხეთ მომავალი ჩემპიონი ბრაზილია და ფავორიტი აშშ (62:37). ეს იყო პირველი შემთხვევა საკალათბურთო ისტორიაში, როცა სსრკ-ის ნაკრებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს სძლია. 25 ქულის სხვაობით მოგება კი ერთი შეხედვით გასაკვირი იყო.

თუმცა, ოკეანისგაღმელები იმდენად დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ უპირატესობაში, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საჰაერო აკადემიის გუნდი გამოგზავნეს. ეგონათ, მსოფლიოს ჩემპიონები მაინც გახდებოდნენ, მაგრამ აშშ-ს მხოლოდ ჩვენ კი არა, ბრაზილიამაც აჯობა.

ფინალურ ჯგუფში ხუთი მატჩი მოვიგეთ და რჩებოდა ტაივანი, რომელთან 0:100 წაგების შემთხვევაშიც კი მსოფლიოს ჩემპიონობა გარანტირებული გვქონდა.

ფიბა-ს პრეზიდენტმა სსრკ-ტაივანის შეხვედრა განგებ გადაიტანა ბოლოში, რადგან კარგად მოეხსენებოდა პოლიტიკური დავის შესახებ.

საქმე ის იყო, რომ ტაივანი დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით, ფორმოზას სახელწოდებით მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. სსრ კავშირის ხელმძღვანელობა კი ტაივანს ჩინეთის ნაწილად განიხილავდა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ტაივანთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან ტოლ-სწორად გამოსვლას.

ჩვენი მწვრთნელები გაფრთხილებულები იყვნენ – ტაივანთან არ უნდა გვეთამაშა.

…მსაჯმა მატჩის დაწყების ნიშნად ბურთი მოედნის ცენტრში ააგდო, დაეუფლნენ ტაივანელები, ჩააგდეს და თამაშიც 2:0 მოიგეს. ამ დროს მოედანზე არცერთი ჩვენგანი არ იყო – სსრკ-ის ნაკრები მოედანზე არ გავიდა.

გამოუცხადებლობის გამო სსრკ-სა და ასევე სოციალისტურ ბულგარეთს დისკვალიფიკაცია მოგვცეს, ჩემპიონატიც, შესაბამისად, მეექვსე-მეშვიდე ადგილებზე დავამთავრეთ.

ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას ვგრძნობდი საბჭოთა კავშირში დაბრუნებული: მძულდა პოლიტიკა, რომელმაც საშუალება მომისპო, მსოფლიოს ჩემპიონი გავმხდარიყავი.

ასეთი შანსი ხომ ადამიანს, შეიძლება, ცხოვრებაში ერთხელ მიეცეს. სპორტულ ბრძოლაში დავამარცხეთ აშშ, ბრაზილია (რომელიც ჩემპიონად აღიარეს) და პოლიტიკური ბრძოლა წავაგეთ პატარა კუნძულთან…

საბჭოთა მთავრობამ კი საქციელი მოგვიწონა, მოსკოვში, თვითმფრინავის ტრაპზე ისე დაგვხვდნენ, როგორც მსოფლიოს ჩემპიონებს. სპეციალურად ჩვენთვის ოქროს მედლებიც ჩამოასხეს და თითოეულ კალათბურთელს ჩამოგვირიგეს. …მაგრამ მე ის ნამდვილი, ჩილეში დამზადებული მედალი მერჩივნა“.