ნიკოლოზ დერიუგინი - მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს ნაკრებში #1TVSPORT
დღეს ნიკოლოზ დერიუგინი იუბილარია. თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდს 66 წელი შეუსრულდა.
გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში „დინამოს“ ლიდერი იყო, მან 90-იან წლებში ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების პროცესშიც დიდი წვლილი ითამაშა გუნდის წარმატებაში.
ჩვენმა ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი ინგლისის ქალაქ ბირმინგემში 1995 წლის 24 მაისს გამართა, როცა ევრობასკეტი 1997-ის საკვალიფიკაციოზე პოლონეთს დაუპირისპირდა. პირველ წუთებს ვახტანგ ნაცვლიშვილი იხსენებს:
– სადაო გდებისას ავხტი და ბურთი ჩემი თანაგუნდელებისკენ გადავაგდე. პირველი შეტევა წარუმატებელი გამოდგა, ავაცილეთ. პოლონელების საპასუხო იერიშიც უშედეგოდ დასრულდა. მატჩის მესამე შეტევისას ჩვენმა გამთამაშებელმა ბურთი ფარქვეშ ნიკოლოზ დერიუგინს ჩაუგდო. იგი ახტა, ნახევარკაუჭით კალათისკენ უნდა ესროლა, თუმცა დამინახა, რომ თავისუფალ პოზიციაში ვიყავი, მაჯის მოძრაობით ბურთს მიმართულება ჩემკენ შეუცვალა. ასეთი ეფექტური პასის გაცუდება წარმოუდგენელი იყო – 2:0.
სიმბოლურია, რომ პირველი ქულები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ნიკოლოზ დერიუგინის პასით ჩავაგდეთ. მას 1982 წელს თვით ამერიკის ნაკრები ჰყავს დამარცხებული (კოლუმბიის მსოფლიოს პირველობაზე). 13 წლის შემდეგ ნაკრებს რომ დასჭირდა, უყოყმანოდ მოირგო მაისური, რომელსაც გულზე „ჯორჯია“ ეწერა.

თუმცა, რომ არა ტრავმა, ეგებ პირველივე ცდაზე მიგვეღწია ევრობასკეტისთვის:
„1986 წელს მუხლის მძიმე ტრავმა მივიღე. მას მერე 5 წელი გამიცდა. მოედანზე კი დავბრუნდი, მაგრამ, როგორც იტყვიან, ცალი ფეხით ვთამაშობდი. ჯერ უნგრული „მაფთის“ ღირსებას ვიცავდი, ხოლო პირველი სანაკრებო მატჩებისას სლოვაკურ „სლოვაკფარმში“ ვთამაშობდი. მაშინ ზედმეტი წონა არ მაწუხებდა და, შესაბამისად, მუხლიც ძლიერ არ მტკიოდა, თუმცა მუდმივად შეხვეული მქონდა, მეშინოდა მეორედაც არ დამეზიანებინა. ბურთს რომ ავიღებდი, ვიდრე ზემოთ ავიხედებოდი, დაბლა ვიყურებოდი… ახტომისას მარჯვენა ფეხით ვიწეოდი და ვცდილობდი ორივე ფეხზე ერთად დავმხტარიყავი, რათა მარცხენა ფეხი არ მეტკინა. ასე რომ, ნაკრებისთვის რასაც შემეძლო, იმას ვაკეთებდი, თუმცა ტრავმა თავისუფლად თამაშის საშუალებას არ მაძლევდა“, – იხსენებს ნიკოლოზ დერიუგინი.
საქართველოს ნაკრებმა ბირმინგემში გამართული საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია, შესარჩევი ბოსნიასთან ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო (77:66) და იმავე ბოსნიასთან ბერლინში რომ მოეგო, ევროპის ჩემპიონატსაც ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდებოდა, მაგრამ საკალათბურთო განგებამ 2011 წლამდე არ ინება „ჯვაროსნების“ ევრობასკეტზე ხილვა.
ნიკოლოზ დერიუგინმა კი სანაკრებო კარიერა 1996 წელს, პირველი ციკლის შემდეგ 10 მატჩით დაასრულა.