ვიტალი დარასელია - ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს ქართული ფეხბურთის და თბილისის „დინამოს“ ლეგენდას, ვიტალი დარასელიას 68 წელი შეუსრულდებოდა.
იგი 1957 წლის 9 იანვარს ოჩამჩირეში დაიბადა და კარიერა მშობლიური ქალაქის გუნდში, „ამირანში“ დაიწყო. კარიერის ძირითადი ნაწილი თბილისის „დინამოში“ გაატარა, სადაც 17 წლის ასაკში ჩაირიცხა და უდიდესი ისტორია დაწერა. მან 273 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა.
დარასელიამ 1980 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის გარდა, 1976 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. 1978 წლის 19 ნოემბერს, იაპონიაში მასპინძლებთან 4:1 მოგებულ შეხვედრაში პირველად ითამაშა საბჭოთა კავშირის ნაკრებში და დებიუტი გოლით აღნიშნა. ითამაშა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.
თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, „კარლ ცაისის“ კარში გაიტანა გადამწყვეტი გოლი და გუნდს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.
„თბილისის „დინამოს“ ისტორიაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი იყო“, – ასე შეაფასა დავით ყიფიანმა ვიტალი დარასელიას წვლილი ერთადერთი ქართული ევროთასის მოპოვებაში.
1982 წლის 13 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის სოფელ ბორითში – ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.
1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს და ვიტალი დარასელია საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.
2011 წლის 17 მაისს თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვიტალი დარასელიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
2013 წლის 7 ივლისს, თბილისში, დიღომში, „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნა, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. 2016 წლიდან კი „დინამო“ აკადემია ასაკობრივ გუნდებს შორის ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს.
2018 წლის 22 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დარასელიას ღვაწლი ღირსების ორდენით დააფასა. 2018 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, თბილისში, ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა.
ოჩამჩირეს ადგილობრივი სტადიონი ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს. მისი შვილი, ვიტალი დარასელია უმცროსი სხვადასხვა დროს თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა, ამჟამად კი ამერიკაში ვიტალი დარასელიას სახელობის სკოლას ხელმძღვანელობს. ქალიშვილი, ქრისტინა დარასელია ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს.