რუმინული ფეხბურთის ლეგენდა – საქართველოს ნაკრები კონტრშეტევებზე კარგად თამაშობდა, მაგრამ, საერთო ჯამში, ვერ გვაჯობა #1TVSPORT
რუმინელი ფეხბურთის ლეგენდამ, გეორგე პოპესკუმ (ამჟამად კლუბ „ფარულ კონსტანტას“ მფლობელი და პრეზიდენტი) საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებულ (1:1) შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.
„ძალიან კარგი მატჩი იყო, შედეგს არ ვგულისხმობ, ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომა მომეწონა. წინა მატჩების შემდეგ ვამბობდი, რომ უფრო თამამად უნდა გვეთამაშა, თბილისში სწორედ ეს დავინახე – გოლიც მოწინააღმდეგის ნახევარზე აქტიურობის შედეგად გავიტანეთ.
საქართველოს ნაკრებმა მთლიანობაში ვერ გვაჯობა, მაგრამ მათ სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ და კონტრშეტევებზე კარგად გადადიოდნენ, რასაც ჩვენი ფეხბურთელები სათანადოდ უმკლავდებოდნენ.
რუმინეთის ნაკრების კრიზისის ფონზე ფეხბურთელებმა საკუთარი ძალების რწმენა დაკარგეს, მათ აღარ ჰქონდათ ხასიათი. გეორგე ჰაჯიმ მთავარ მწვრთნელად დანიშვნისას თქვა, რომ გუნდს თავდაჯერებას დაუბრუნებდა და მოწინააღმდეგის ნახევარზე აქტიურ თამაშს აიძულებდა. თბილისში ეს შევძელით და მთლიანობაში კმაყოფილი ვარ“.