დინოზავრების მკვლელმა ასტეროიდმა ოკეანეები უცბად დაამჟავა, რასაც გადაშენება მოჰყვა - ახალი კვლევა
ცნობილია, რომ 66 მილიონი წლის წინ, თანამედროვე მექსიკის ქალაქ ჩისკულუბის სიახლოვეს, ოკეანეში ჩავარდა ასტეროიდი, რამაც ხმელეთზე ბინადარი დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, ასტეროიდმა მძიმედ დაამჟავიანა ოკეანეებიც და მოსპო წყლის ბინადართა უდიდესი ნაწილი.
ეს გახლავთ მეცნიერების მიერ ნაპოვნი პირველი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ დინოზავრების მკვლელი ასტეროიდი ასევე პასუხისმგებელია წყლის უცაბედ დამჟავიანებაზე, რამაც მასობრივი გადაშენება გამოიწვია. სწორედ ეს ფაქტია დღეს ჩვენთვის დიდად გასათვალისწინებელი და ყურადსაღები.
მკვლევართა თქმით, ჩისკულუბის ასტეროიდმა ზღვაში არსებული სიცოცხლის მნიშვნელოვანი ნაწილი მოსპო; აღსანიშნავია, რომ საქმე არ უნდა გვქონოდა ვულკანური აქტივობის გამო მჟავის დონის თანდათანობით მატებასთან, როგორც ამას აქამდე ვარაუდობდნენ.
დედამიწის მეცნიერებათა კვლევის გერმანული ცენტრის, GFZ-ის გეოქიმიკოს მაიკლ ჰენეჰანის განცხადებით, მათი მონაცემები 66 მილიონი წლის წინ გარემო პირობების თანდათანობით გაუარესების წინააღმდეგ მეტყველებს. მისი თქმით, ოკეანეებში მჟავიანობის მატება ასტეროიდის დაცემამდე არ შეინიშნება.
იელის უნივერსიტეტის გეოლოგის, პინსელი ჰულის განცხადებით კი, ასტეროიდის შემდეგ შეინიშნება ოკეანეების ისეთი დამჟავიანება, რასაც ადვილად შეეძლო ზღვის ბინადართა მასობრივი გადაშენება.
მეცნიერები აქამდეც ეჭვობდნენ, რომ ასტეროიდის დაცემის შემდეგ აფეთქებულ გოგირდით მდიდარ ქანებსა და შედეგად წამოსულ მჟავა წვიმას ოკეანეებში მჟავიანობის აწევა უნდა გამოწვია, მაგრამ ამჯერად, ეს ნამარხების საფუძველზე დაამტკიცეს.
მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა ნიდერლანდებში, გელჰემელბერგის მღვიმეში ფორამინიფერების მიერ დატოვებულ ნამარხთა სქელი ფენა. ფორამინიფერები ციცქნა პლანქტონია, რომელიც კალციტის ქერქში იზრდება. ქერქში დატოვებული ელემენტ ბორის იზოტოპთა (pH-ის ინდიკატორი) კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ცარცულ-პალეოგენური გადაშენების დროს მაღალი იყო მჟავიანობა.
ჰენეჰანის განცხადებით, ამ მღვიმეში შეინიშნება ასტეროიდის დაცემის შემდეგ დაუყოვნებლივ აკუმულირებული თიხის სქელი ფენა, რაც საკმაოდ იშვიათია.
უზარმაზარი უნდა ყოფილიყო გავლენა კვების ჯაჭვზე და დაეზიანებინა ამ ჯაჭვში ყოველი ზემდგომი ქმნილება. ვეღარ უნდა გადარჩენილიყვნენ ისეთი ორგანიზმები, როგორებიცაა ფორამინიფერები, დაიხოცებოდნენ ის ორგანიზმებიც, რომლებიც მათით იკვებებოდნენ და ა. შ. შედეგად, დიდად შემცირდებოდა ოკეანის, როგორც ნახშირბადის შთანმთქმელის როლი.
კვლევა ასევე პასუხობს დიდი ხნის განმავლობაში ღიად არსებულ კითხვებს იმის შესახებ, ასტეროიდის დაცემამ თითქმის მთლიანად მოსპო ოკეანის სიცოცხლე თუ ზოგიერთი სახეობა გადარჩა. კვლევის მიხედვით, თითქმის ორივე პასუხი სწორია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გადაშენდა სახეობათა 50 პროცენტამდე, რასაც გარდამავალი აღდგენის პერიოდი მოჰყვა, რომელიც მილიონობით წელიწადს გაგრძელდა.
ეს კვლევა დიდად რელევანტურია დღეს ჩვენთვისაც. მართალია, გიგანტური ასტეროიდისგან საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ ნახშირორჟანგის გამოყოფის ზრდას თანდათან მივყავართ ოკეანეების მჟავიანობის მომატებასთან.
როგორც ფორამინიფერების ნამარხები აჩვენებს, ამ პლანეტაზე სიცოცხლეს მომავალში მართლაც ემუქრება დიდი საფრთხე. მკვლევართა თქმით, ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის წვამ pH-ის დონე შეიძლება იმაზე მეტად გაზარდოს, ვიდრე ეს 66 მილიონი წლის წინ მოხდა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პროცესში დიდ როლს თამაშობს ბევრი სხვადასხვა ფაქტორიც.
ბრიტანეთის აღმოსავლეთ ანგილიის გარემოს მეცნიერის, ფილ უილიამსონის განცხადებით, როცა ასტეროიდი ჩამოვარდა, ატმოსფერული CO2-ის დონე ბუნებრივად იყო დღევანდელზე მაღალი, pH-ის კი გაცილებით დაბალი.
მისივე თქმით, ეს კვლევა მიგვითითებს იმ მრავალ საშიშროებაზე, რაც ოკეანეების ქიმიაში გლობალურ ცვლილებებს შეუძლია გამოიწვიოს და რაც დღეს აქტიურად მიმდინარეობს.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია gfz-potsdam.de-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.