დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი ამოცანა მოსახლეობის დაცვა და კეთილდღეობაზე ზრუნვაა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი ამოცანა მოსახლეობის დაცვა და კეთილდღეობაზე ზრუნვაა

ხელისუფლების ამოცანა მოსახლეობის დაცვა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით რეფორმების პირველმა ტალღამ აჩვენა, რომ ე.წ შავი ბაზრის გააქტიურებასთან დაკავშირებით, პროგნოზები არ გამართლდა.

„როდესაც ჩვენ ონლაინ სესხებს ვებრძოდით, მაშინ ონლაინ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 1000% და მეტი იყო. მაშინაც ადამიანებს, რომლებიც ამ რეფორმის გამო გვაკრიტიკებდნენ, არგუმენტად ჰქონდათ, რომ ხალხი შავ ბაზარზე წავიდოდა. ვფიქრობ, რეფორმების პირველმა ტალღამ ცხადად გვაჩვენა, რომ არავინ არსად წავიდა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, შესაბამისად რეფორმების მეორე ტალღაც წარმატებული იქნება და ბაზარი მოწესრიგდება.

„რეფორმების მეორე ტალღა ასევე გვიჩვენებს, რომ არავინ არსად წავა და პირიქით, ბაზარი მოწესრიგდება. ეს რეგულირებადი ბაზარია და ამ მიმართულებით მსოფლიოში ყველგან რეგულირება ხდება. ჩვენი ამოცანა სწორედ ჩვენი მოსახლეობის დაცვა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვაა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.