დიმიტრი მედოევი - ე.წ. სამხრეთ ოსეთს არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან და არ აპირებს, გახდეს მისი ნაწილი
ე.წ. სამხრეთ ოსეთს არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან და არ აპირებს, გახდეს მისი ნაწილი, – სამხრეთ ოსური მედიის ცნობით, ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა განაცხადა.
ამგვარად, მედოევი გამოეხმაურა აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატო-ს განცხადებებს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების არაღიარების შესახებ.
„მათ ახალი არაფერი უთქვამთ. ეს მხოლოდ სიტყვებია, რომლებიც ჩვენ უკვე 30 წელია, გვესმის. მათ არ სურთ, დაიჯერონ, რომ 1989 წლიდან სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს და არანაირ გარემოებებში არ აპირებს, გახდეს მისი ნაწილი. მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა“, – განაცხადა მედოევმა.
„ჩვენ, როგორც ის ქარავანი, რომელიც თავისი გზით მიდის, ყურადღებას არ აქცევს გარშემო ხმაურს, გავაგრძელებთ სვლას ჩვენი მიზნისკენ – დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისკენ“, – აღნიშნა მინისტრმა.