დიმიტრი ხუნდაძე - ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ ეს სისტემურად უნდა იყოს განხილული
დიმიტრი ხუნდაძე - ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ ეს სისტემურად უნდა იყოს განხილული

ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ ეს სისტემურად უნდა იყოს განხილული, – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომელიც “ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში” კონფერენციას ესწრება.

მისი თქმით, უკიდეგანო ლიბერალიზმი და ლეგალიზაციის ტოლფასი დეკრიმინალიზაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია.

“უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ნარკოპოლიტიკა ეხება არა მხოლოდ ნარკომოხმარებლებს, არამედ ეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ნარკოტიკს არ მოიხმარს. ასევე აუცილებელია ფინანსები იყოს შესაბამისი რეფორმის განსახორციელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ უარესი შედეგი. პოლიტიკური ნება არსებობს იმისა, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ნარკოპოლიტიკა. ნარკომომხმარებელი არ უნდა ჩავსვათ ციხეში, მაგრამ ეს უნდა იყოს სისტემურად განხილული, უნდა იყოს შესაბამისი ალტერნატიული სერვისები. ალტერნატიული სერვისები არის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ სერვისებს სჭირდება შესაბამისი თანხები.

ეს რეფორმა მისაღები იქნება იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი თანხები იქნება გამოყოფილი. უფულოდ განხორციელებული ამ ტიპის დეკრიმინალიზაცია საფრთხეა. თანხები ცოტაა“, -განაცხადა ხუნდაძემ.

ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, დავით ოთიაშვილის განცხადებით, ოპონენტების შიში, რომ დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში გაიზრდება მომხმარებელთა რაოდენობა და ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა, არაფრით არაა გამყარებული.

„ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება ყველა სახის ნარკოტიკულ საშუალებაზე საშუალო მომხმარებლის ერთი დღის სამყოფი დოზა, ასევე მოხდება მათი ადმინისტრაციული დაჯარიმება და არა პატიმრობის შეფარდება.ოპონენტების შიში, რომ დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში გაიზრდება მომხმარებელთა რაოდენობა და ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა, არაფრით არაა გამყარებული“, – აღნიშნა ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელმა, დავით ოთიაშვილმა.

მისივე თქმით, რეფორმის მთავარი არსი სწორხაზოვანი სადამსჯელო მიდგომიდან ზრუნვის დახმარების მიმართულებაზე გადასვლაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც შესაძლოა, ჰქონდეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები.

“მათ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ დახმარება, რაც მათ მკურნალობაში, გამოჯანმრთელებასა და საზოგადოებაში დაბრუნებაში შეუწყობს ხელს”,-განაცხადა ოთიაშვილმა.