დიმიტრი ხუნდაძე - პრეზიდენტო, თქვენ არასოდეს მოგიწოდებიათ, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორისათვის, რომ ეწარმოებინათ მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდა
დიმიტრი ხუნდაძე - პრეზიდენტო, თქვენ არასოდეს მოგიწოდებიათ, სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორისათვის, რომ ეწარმოებინათ მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდა

საზოგადოებისგან და „ქართული ოცნებისგან“ მოცემული შანსი ხელიდან გაუშვით და ოპოზიციონერ პრეზიდენტად ჩამოყალიბდით. ოპონირება ცუდი არ არის, საჭიროა, მაგრამ ეს ხელოვნურად შექმნილი არ უნდა იყოს, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.

დიმიტრი ხუნდაძემ 2012 წელის გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ დროს პრეზიდენტიც “ქართული ოცნების” რიგებში იყო, თუმცა დღეს მათ გვერდით აღარ არის.

„თქვენს გამოსვლას ყურადღებით ვუსმენდი, თუმცა საყურადღებო ვერაფერი ვნახე. ობიექტურობა მაიძულებს გითხრათ, რომ ეს ყველაზე სუსტი გამოსვლა იყო რაც კი მე თქვენი გამოსვლებიდან მომისმენია. ეს მე არ მსიამოვნებს. თუმცა ჩემთვის საყურადღებო დასაწყისი იყო, რითაც თქვენ მოხსენება დაიწყეთ, რამაც გამოსვლა მაიძულა. თქვენ გამოსვლა 2012 წლის პირველი ოქტომბრის გახსენებით დაიწყეთ. თქვენ თქვით, რომ პარლამენტში 2012 წლის ბევრი შემოქმედი არ არის. მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად 2012 წლის შემოქმედთა რიგებიდან ვარ. მაგრამ თქვენ არ ხართ იქ, სადაც უნდა იყოთ. ჩვენ აქ ვართ, უმრავლესობა ძველებიც და ახლებიც. ასეთი პირობითი დაყოფა თქვენ გააკეთეთ და ამიტომ მინდა, ეს ტერმინი დროებით გამოვიყენო. აქ ვართ ძველებიც, ახლებიც და ყველაზე ძველიც, მაგრამ ყველაზე მთავარია ღირებულება რის გარშემოც 2012 წელს შევიკრიბეთ, ეს არის ღერძი, რის გარშემოც ჩვენ ერთობა ბოლომდე უნდა ვატაროთ. ის ერთობა, რომელშიც თავიდან თქვენც იყავით. მაგრამ მთავარი არ არის ადამიანი თავიდან სად დაფიქსირდება, მთავარია, ის ბოლოს სად აღმოჩნდება”, – მიმართა გიორგი მარგველაშვილს დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, სწორედ “ქართული ოცნების” ერთობამ გახადა გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად.

„2012 წელი თქვენ მხოლოდ დღეს გაიხსენეთ ალბათ ის მომავალი პოლიტიკური მიზნებისთვის დაგჭირდათ. სწორედ „ქართული ოცნების“ ერთობამ გაგხადათ პრეზიდენტი. რომელ ერთობასაც პირველი თანამდებობის გზაგასაყართან გვერდი აუქციეთ და იმის მაგივრად, რომ იმ გუნდთან ერთად ყოფილიყავით, სადაც ეს ღირებულებები შეიქმნა და საზოგადოების წინაშე სიტყვა ითქვა, თქვენ მიხეილ სააკაშვილის სასახლეში შესვლა არჩიეთ. სამწუხაროა, რომ საზოგადოებისგან და „ქართული ოცნებისგან“ მოცემული შანსი ხელიდან გაუშვით და ოპოზიციონერ პრეზიდენტად ჩამოყალიბდით. ოპონირება ცუდი არ არის და საჭიროა. მაგრამ ეს ხელოვნურად შექმნილი არ უნდა იყოს, მხოლოდ იმისთვის, რომ პოლიტიკური პირადი სარგებელი ნახოთ. თქვენს მოღვაწეობას ყველაზე უკეთ საზოგადოება და დრო შეაფასებს”, – განაცხადა დიმირტი ხუნდაძემ.

დეპუტატის განცხადებით, მას გიორგი მარგველაშვილი დაამახსოვრდება, როგორც იმ არასამთავრობო სექტორის მუდმივი დამცველი, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკითა და ოპონირებით არის დაკავებული.

„თქვენ ხართ ყველას პრეზიდენტი და უფლება არ გაქვთ დაყოთ ძველებად და ახლებად, სექტორებად. თქვენ გამაერთიანებელი როლი უნდა გეთამაშათ და ეს ვერ შეძელით. რაც შეეხება საკითხებს, თქვენ ღიად გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, შეხვდით მხოლოდ ერთ მხარეს, კანონპროექტის ავტორებს და მათ მხარდამჭერებს, ხოლო არ დაინტერესებულხართ მეორე მხარესთან შეხვედრით, რომელიც ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. მათ უფლებებსაც დაცვა სჭირდება, რომელთაც აქვთ კრიტიკული დასაბუთებული და ყურადსაღები დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ბატონო პრეზიდენტო, ხომ არ ფიქრობთ, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ჭარბი პოზიტიური საუბარი ზრდის ინტერესს ახალგაზრდებში ნარკოტიკების მიმართ. ნარკოტიკების პოპულარიზაციას ხელს უწყობს ზოგიერთი მედიასაშუალებაც, მაგრამ თქვენ არასოდეს არ გაგიკეთებიათ მოწოდება არც ერთ სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორისათვის, არც მედიისათვის, რომ ეწარმოებინათ მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდა”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, დღეს საქართველოსათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, ქვეყანა დგას დამოგრაფიული კრიზისის წინაშე, რაზეც პრეზიდენტის არასდროს უსაუბრია.

„დემოგრაფიულ კრიზისზე თქვენი პოზიცია არ დაგიფიქსირებიათ. მე მაქვს კითხვა, თქვენ თვლით თუ არა, რომ ეს იყო თქვენი საპრეზიდენტო მოღვაწეობის შეცდომა, ამაზე ყურადღება არ გაამახვილეთ, ან დაგავიწყდათ ეს საკითხი. მესამე კითხვა, დროის უკან დაბრუნების საშუალება რომ იყოს, სხვანაირად ხომ არ დაგეგმავდით თქვენ საპრეზიდენტო კარიერას”, – განაცხადა ხუნდაძემ.