დიმიტრი ხუნდაძე - კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები მაღალი ხარისხით უნდა იყოს შესრულებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, კატასტროფული შედეგიც კი მივიღოთ
დიმიტრი ხუნდაძე - კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები მაღალი ხარისხით უნდა იყოს შესრულებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, კატასტროფული შედეგიც კი მივიღოთ

კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციები მაღალი ხარისხით უნდა იყოს შესრულებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მივიღოთ არა ყველასთვის სასურველი შედეგი, არამედ კატასტროფული შედეგიც კი, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდა ნახტომისებურად მოხდება, შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემას შესაბამისი რესურსები არ აღმოაჩნდეს.

მისი თქმით, მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს და უფრო მეტად ძლიერი ქვეყნები, ვიდრე საქართველოა, საკმაოდ მძიმე ვითარებაში არიან როგორც ფინანსურად, ასევე ინსტიტუციურად.

„დაახლოებით ორი მილიონი ინფიცირებული ადამიანია, გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 114 000-ს შეადგენს. საქართველოში ვითარება შედარებით მსუბუქი სცენარით მიდის, რაც განაპირობა ძალიან დიდმა შრომამ და უდიდესმა ფინანსურმა დანახარჯმა. სამწუხაროდ, სამი ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ ეს საერთო ეპიდვითარებიდან დაბალი მაჩვენებელია. ზოგადად, ეს პროცესი სამ ფაზას შეიცავს – არის შეკავების ფაზა, რომელიც აქტიურად გავიარეთ. ყველა შემდგომი ფაზის სიმძიმეს განაპირობებს ის, მის წინა ფაზას როგორ გავივლით. შეკავების ფაზა სწორად გავიარეთ და პრეკრიზისული სცენარიც შედარებით მსუბუქია, მაგრამ კრიზისული ფაზა წინ გვაქვს. გარდა იმისა, რომ სწორად უნდა დავიგეგმოთ და წინააღმდეგობაც სწორად უნდა შევაფასოთ. შემდგომი დღეები ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც სწორად თითოეული მოქალაქის მხრიდან დაგეგმარება, შესრულება და ადეკვატური ქმედებები სჭირდება.

ჰოსპიტალურ სექტორზე ზედამხედველობას ვახორციელებთ, რადგან კრიზისულ ფაზაში წინა ხაზზე ექიმები იქნებიან. პრაქტიკულად, ყველა რეგიონი გავიარეთ, დაგვრჩა მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმი და სამცხე-ჯავახეთი. ადგილზე ყურადღებას ვაქცევთ როგორც ინფრასტრუქტურულ მზაობას, ასევე აღჭურვას, ინდივიდუალური დაცვის მარაგებს, მედპერსონალის გადამზადებას და დატრენინგების პროცესს. გამოგიტყდებით, რომ იყო ხარვეზები, ზოგან – მნიშვნელოვანიც. მხოლოდ ზედამხედველობით არ ვართ დაკავებული, ვეხმარებით, რომ პრობლემები რაც შეიძლება ადგილზე იყოს აღმოფხვრილი და ეს მიღწეულია.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ნახტომისებური ზრდა არ იყოს. თუ ნახტომისეულ ზრდას მივიღებთ, შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემას შესაბამისი რესურსი ვერ აღმოჩნდეს“, – დასძინა დიმიტრი ხუნდაძემ.